ირანი-აშშ

ირანმა 61 ამერიკელს, მათ შორის მაიკ პომპეოს, სანქციები დაუწესა

მაიკ პომპეო
Mark Rightmire, Orange County Register/SCNG

2015 წლის ბირთვული შეთანხმების განახლებაზე ერთთვიანი წარუმატებელი მოლაპარაკების ფონზე, ირანმა 61 ამერიკელს, მათ შორის ყოფილ სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს, ირანელი დისიდენტური ჯგუფის მხარდაჭერისთვის სანქციები დაუწესა

ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, დისიდენტური ჯგუფის მუჯაჰედინ-ე-ხალქის (MEK-ის) მხარდაჭერისთვის ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს შავ სიაში მოხვდნენ ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადვოკატი, რუდი ჯულიანი და თეთრი სახლის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი.

ირანის ხელისუფლებას უფლება აქვს, სანქცირებულ პირებს ჩამოართვას ნებისმიერი აქტივი, რომელსაც ისინი ირანში ფლობენ. იმის გათვალისწინებით, რომ სანქცირებულები აქტივებს ირანში არ ფლობენ,  გადაწყვეტილება სიმბოლურია. 

ირანის არაპირდაპირი მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებთან 2015 წლის ბირთვული პაქტის აღდგენის შესახებ ნოემბერში ვენაში დაიწყო და ივნისში ყატარში გაგრძელდა.

2021 წლის აპრილში, ქალაქ ვენაში ირანს, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს ევროკავშირს, რუსეთსა და ჩინეთს შორის დაიწყო საუბარი, თუ როგორ შეიძლებოდა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებისთვის დაბრუნება. ეს უკანასკნელი ამერიკამ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს, 2018 წელს დატოვა, რადგან მიიჩნევდა, რომ ირანი შეთანხმებას არღვევდა და მსგავსი ფორმატი თეირანის ბირთვულ პროგრამას ვერ შეაჩერებდა. ამის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს დამატებითი სანქციები დაუწესა.

ირანის ბირთვულ პროგრამას განსაკუთრებულ საფრთხედ აღიქვამს ისრაელის მხარე, რომელიც თვლის, რომ მოლაპარაკებები შედეგს ვერ მოიტანს და თეირანი მალე ბირთვულ იარაღს შექმნის. ბოლო ხანებში იერუსალიმი ირანზე თავდასხმისთვისაც ემზადებოდა.

კომენტარები