ნიკა გვარამიას საქმე

დეგნანი ჩხიკვაძეზე: ნებისმიერი განცხადება, რომ აშშ სასამართლო პროცესში ერეოდა, სიმართლე არაა

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას ეხმაურება. დეგნანი ამბობს, რომ ნებისმიერი განცხადება აშშ-ს სასამართლო პროცესში ჩარევასთან დაკავშირებით სიმართლე არ არის.  

"ნებისმიერი განცხადება, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, სიმართლე არ არის. ჩვენ წლებია, ვეხმარებით საქართველოს, ააშენოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა, ეს ქვაკუთხედია იმ საქმეში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მრავალ პარტნიორთან ამ მიზნის მისაღწევად, იმიტომ, რომ ჯანსაღი დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილი მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემაა". - ამბობს დეგნანი.  

ლაშა ჩხიკვაძე განცხადებას ავრცელებს და ევროპარლამენტარების "ზეწოლასა" და აშშ-ს საელჩოს მხრიდან "ანგარიშის მოთხოვნაზე" საუბრობს. ჩხიკვაძის მტკიცებით, აშშ-ს საელჩოს თანამშრომელმა კევინ ბურკმა მას უთხრა, რომ კელი დეგნანს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით, რატომ გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩხიკვაძის თქმით, ბურკმა ასევე უთხრა, რომ აშშ-ში მოსამართლეების დაგეგმილ ვიზიტში მისი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოიღეს. ლაშა ჩხიკვაძე მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, "თავი შეიკავონ სასამართლოზე ზეწოლისაგან და მოსამართლეებს მიეცეთ საშუალება, მართლმსაჯულება განახორციელონ მშვიდ გარემოში და გადაწყვეტილებები მიიღონ საქართველოს კონსტიტუციის, კანონისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე". 

ჩხიკვაძის წერილი სრულად - ნახეთ აქ.   

"კატა-თაგვობანას თამაში დაასრულონ" – ჩხიკვაძე დეგნანისგან განმარტებას ითხოვს

მას შემდეგ, რაც ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას პატიმრობა მიუსაჯა, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის აშშ-ის მთავრობის დაფინანსებული პროგრამით შეერთებულ შტატებში საქმეზე გამოტანილი განაჩენის გამო აღარ გაემგზავრებოდა. საპასუხოდ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "სპეკულაციებს საელჩოს ერთი მცირე განცხადება მარტივად დაასრულებდა". მანვე აღნიშნა, რომ "მოსამართლისთვის ვიზიტის გაუქმება რომ ეკადრა ვინმეს, სხვა მოსამართლეებიც გააუქმებდნენ". 

ამის შემდეგ, 5 მოსამართლე, რომელიც აშშ-ს საელჩოს პროგრამაში ლაშა ჩხიკვაძესთან ერთად იყო, აშშ-ში ტრენინგზე არ წავიდა.  

კომენტარები