ნიკა გვარამიას საქმე

"კატა-თაგვობანას თამაში დაასრულონ" – ჩხიკვაძე დეგნანისგან განმარტებას ითხოვს

ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის ლაშა ჩხიკვაძის თქმით, უნდა დასრულდეს "კატა-თაგვობანას თამაში". ჩხიკვაძე ამბობს, რომ ის პირადად ითხოვს პასუხს საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანისგან - არის თუ არა ის სანქცირებული, რათა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. ამის შესახებ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მთავარ არხთან ისაუბრა.

"ეს იყო საელჩოს წარმომადგენელი, შეხვედრა შედგა სასამართლო შენობაში - ბატონი კევინი [ბურკი]. ჩემი მოლოდინი იყო, რომ მე შეხვედრა უნდა მქონოდა ამერიკაში დასაგეგმ ვიზიტთან დაკავშირებით, რაც აბსოლუტურად მისაღები ფორმაა და სხვა კოლეგებთანაც ჰქონდათ ასეთი ტიპის შეხვედრა. თუმცა შეკითხვები, რაც იქ მოვისმინე ეხებოდა ასე ვთქვათ საელჩოს დაინტერესებას, რატომ მივედი გამამტყუნებელ ვერდიქტამდე და მით უფრო რატომ გამოვიყენე ასე ვთქვათ საპატიმრო ღონისძიება. გარკვეულწილად მინიშნებები გაკეთდა, რომ ჩემი ამ პერიოდში ვიზიტი ძალიან არასასურველი იყო და ბუნებრივია მე ხომ ჩხუბს არ დავიწყებდი იქ, მივიღე ეს საკითხი იმ მოცემულობით, როგორც მივიღე.

აქვს რაღაცეებს ყველაფერს საზღვარი, მე პირდაპირ ვთხოვ, თქვენც შეგიძლიათ ქალბატონ ელჩს დაუსვათ შეკითხვა, ეს მოცემულობა მივიღოთ როგორც მოსამართლის სანქცია, თუ ეს ასეა, მოდით დაარქვან ყველაფერს თავისი სახელი, არის ეს სანქცია, მივიღებ ამას როგორც სანქციას. ეს რაღაც კატა-თაგვობანას თამაში, დიდი თხოვნა მაქვს, დაასრულონ, ყველამ, თუ არის ეს სანქცია, მივიღებ ამას, როგორც სანქციას. არ ვიცი ვის რა განცდები დარჩა, ვინ რა განცხადებებს აკეთებს, მაგრამ, იცით რა არის, სამწუხაროა, როდესაც შენ ილანძღები დაუსაბუთებლად, აბსოლუტურად დაუსაბუთებლად და ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ მე ამ ეტაპზე მე რაიმე ფორმით სანქციის ქვეშ ვარ". - ამბობს ლაშა ჩხიკვაძე.

დღეს, 15 ივლისს, ლაშა ჩხიკვაძემ განცხადება გაავრცელა და ევროპარლამენტარების "ზეწოლასა" და აშშ-ს საელჩოს მხრიდან "ანგარიშის მოთხოვნაზე" ისაუბრა. ჩხიკვაძის მტკიცებით, აშშ-ს საელჩოს თანამშრომელმა კევინ ბურკმა მას უთხრა, რომ კელი დეგნანს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი ნიკა გვარამიას საქმეზე და განსაკუთრებით, რატომ გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩხიკვაძის თქმით, ბურკმა ასევე უთხრა, რომ აშშ-ში მოსამართლეების დაგეგმილ ვიზიტში მისი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოიღეს.

ჩხიკვაძის წერილი სრულად - ნახეთ აქ.  


მას შემდეგ, რაც ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას პატიმრობა მიუსაჯა, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის აშშ-ის მთავრობის დაფინანსებული პროგრამით შეერთებულ შტატებში საქმეზე გამოტანილი განაჩენის გამო აღარ გაემგზავრებოდა. საპასუხოდ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "სპეკულაციებს საელჩოს ერთი მცირე განცხადება მარტივად დაასრულებდა". მანვე აღნიშნა, რომ "მოსამართლისთვის ვიზიტის გაუქმება რომ ეკადრა ვინმეს, სხვა მოსამართლეებიც გააუქმებდნენ". 

ამის შემდეგ, 5 მოსამართლე, რომელიც აშშ-ს საელჩოს პროგრამაში ლაშა ჩხიკვაძესთან ერთად იყო, აშშ-ში ტრენინგზე არ წავიდა.  

კომენტარები