ნიკა გვარამიას საქმე

ჯანეზაშვილი: ჩხიკვაძის განცხადება აშშ-ს წინააღმდეგ კამპანიაში მოსამართლის ჩართვას ნიშნავს

ნაზი ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის და არასამთავრობო ორგანიზაცია სასამართლოს გუშაგის დამფუძნებელი, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადება აშშ-ს წინააღმდეგ კამპანიაში მოსამართლის ჩართვას ნიშნავს. ამის შესახებ ჯანეზაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე წერს.

"ლაშა ჩხიკვაძის განცხადების შესახებ: ჯერ ერთი არ მჯერა რომ მან დაწერა, მაგრამ მისი სახელით გავრცელებული ტექსტი უკვე ნიშნავს აშშ-ს წინააღმდეგ კამპანიაში მოსამართლის ჩართვას, რაც ძალიან შემაშფოთებელი ამბავია". - წერს ნაზი ჯანეზაშვილი.

ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე განცხადებას ავრცელებს და ევროპარლამენტარების "ზეწოლასა" და აშშ-ს საელჩოს მხრიდან "ანგარიშის მოთხოვნაზე" საუბრობს.

ჩხიკვაძის მტკიცებით, აშშ-ს საელჩოს თანამშრომელმა კევინ ბურკმა მას უთხრა, რომ კელი დეგნანს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით, რატომ გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩხიკვაძის თქმით, ბურკმა ასევე უთხრა, რომ აშშ-ში მოსამართლეების დაგეგმილ ვიზიტში მისი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოიღეს.


მას შემდეგ, რაც ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას პატიმრობა მიუსაჯა, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის აშშ-ის მთავრობის დაფინანსებული პროგრამით შეერთებულ შტატებში საქმეზე გამოტანილი განაჩენის გამო აღარ გაემგზავრებოდა. საპასუხოდ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "სპეკულაციებს საელჩოს ერთი მცირე განცხადება მარტივად დაასრულებდა". მანვე აღნიშნა, რომ "მოსამართლისთვის ვიზიტის გაუქმება რომ ეკადრა ვინმეს, სხვა მოსამართლეებიც გააუქმებდნენ". 

ამის შემდეგ, 5 მოსამართლე, რომელიც აშშ-ს საელჩოს პროგრამაში ლაშა ჩხიკვაძესთან ერთად იყო, აშშ-ში ტრენინგზე არ წავიდა.  

კომენტარები