სექსუალური შევიწროება

მომსახურება მომსახურების ნაცვლად – ლომჯარიამ კომპანიებში სექსუალური შევიწროება დაადგინა

FORBES

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, შპს ფაქტორი გრუპსა და შპს CD Company-ში დასაქმებული ქალების მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტები დაადგინეს. ომბუდსმენის შეფასებით, საგულისხმოა, რომ პირველ საქმეში არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების ანალიზის შედეგად სახალხო დამცველმა პირველად დაადგინა სექსუალური შევიწროების სახე - მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ, ანუ Quid Pro Quo.

ომბუდსმენის ცნობით, შპს ფაქტორი გრუპში სამსახურის დაწყებიდან ცოტა ხანში, კომპანიის დირექტორმა განმცხადებელთან არასამსახურეობრივ საკითხებზე სისტემატური მიმოწერა დაიწყო, ხაზს უსვამდა ქალის გარეგნობას და ირიბად მიანიშნებდა, რომ მისი კარიერული წინსვლა მის ქცევაზე იყო დამოკიდებული. განცხადების მიხედვით, მას შემდეგ, რაც ქალმა დამსაქმებელს განუმარტა, რომ მეგობარი კაცი ჰყავდა და მისთვის უსიამოვნო და მიუღებელი იყო უფროსთან პირად საკითხებზე კომუნიკაცია, დირექტორმა თანამშრომლის საქმიანობასთან დაკავშირებით უკმაყოფილების გამოხატვა დაიწყო. შედეგად, ქალს სამსახურის დატოვება მოუწია.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, მსგავსი პრობლემები შეექმნა შპს CD Company-ში დასაქმებულ ქალს, რომელთანაც კომპანიის დირექტორმა არასამსახურებრივ საკითხებზე სისტემატური მიმოწერა თითქმის სამსახურის დაწყებისთანავე დაიწყო. 

"ქალმა თავიდანვე განუმარტა თავის უფროსს, რომ მისთვის მიუღებელი იყო პირად ცხოვრებაზე საუბარი, თუმცა, დამსაქმებელი მაინც აგრძელებდა პირადი ცხოვრების შესახებ შეკითხვების დასმასა და მის მიმართ სიმპათიის გამოხატვას. დამსაქმებელი ასევე, აქტიურად ადევნებდა თვალს განმცხადებლის სოციალურ ქსელს და ცალკეული ფოტოს შესახებ თავის აზრებსაც უზიარებდა. მას შემდეგ, რაც განმცხადებელმა დამსაქმებელი ყველა სოციალურ ქსელში დაბლოკა, დირექტორს მისი საქმიანობა უკვე აღარ მოსწონდა და ხშირად გამოხატავდა უკმაყოფილებას. შედეგად, ამ ქალსაც მოუწია სამსახურის დატოვება". - ვკითხულობთ სახალხო დამცველის განცხადებაში. 

სახალხო დამცველის აპარატში განმცხადებელთა ინტერესებს საფარი წარმოადგენდა. 

სახალხო დამცველმა თავის რეკომენდაციაში კომპანიის ხელმძღვანელებს მოუწოდა, სექსუალური შევიწროების პრევენციის მიზნით, შეიმუშაონ შიდაორგანიზაციული დოკუმენტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის გასაჩივრებისა და შესწავლის პროცედურები. 

კომენტარები