ქართული ოცნება

ოცნებას ასპინძა-ადიგენის საკრებულოს წევრებიც ტოვებენ და დასავლელ პარტნიორებს აკრიტიკებენ

ივანიშვილის დეპუტატების – მიხეილ ყაველაშვილის, სოზარ სუბარისა, დიმიტრი ხუნდაძის მხარდასაჭერად ქართულ ოცნებას ასპინძისა და ადიგენის საკრებულოების წევრებიც ტოვებენ.

ასპინძის საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, გია ჭეიშვილი წერს, რომ ძალიან რთულია, ჩუმად უყურო, "როგორ აზიანებენ ევროპულ იდეას საქართველოში ნაციონალური მოძრაობა და მათი უცხოელი ლობისტები".

"ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე კამპანიის ფარგლებში ევროპელებად და ევროპის სახეებად გვევლინებიან ბოროტმოქმედი ნაცმოძრაობის მფარველი – იუკნევიჩიანეები, კუბილიუსები, გრეგორევები თუ ფოტიგები. იყო ნაცმოძრაობის მფარველი და ეხმარებოდე მას რამენაირად ძალაუფლების ხელში ჩაგდებაში, ნიშნავს, იყო იმ ყოველივე უბედურების თანამონაწილე, რასაც ჩადიოდა წლების განმავლობაში ნაცმოძრაობა. ეს იყო დაუნდობელი რეპრესიები, ტელეკომპანიებში შევარდნები, ბიზნესის და ქონების ღამის ნოტარიუსებით გადაფორმებები, ხალხის წამებები, მკვლელობები, გაუპატიურებები და ათასი უბედურება, რაც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს. დღეს ისე, როგორც არასდროს, ჩვენ ქვეყანას და საზოგადოებას სჭირდება სიმართლის ლაპარაკი, როგორი უხერხულიც არ უნდა იყოს ის. მე მჯერა, რომ თითოეული ქართველის წარმოდგენაში არსებობს დამოუკიდებელი, თავისუფალი და ერთიანი საქართველოს იდეა, რომლის შენარჩუნებისთვისაც არაერთი ომი გადავიტანეთ". – წერს ჭეიშვილი.

პარტიიდან წასვლის შესახებ მსგავსი განცხადება გაავრცელა ადიგენის საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, იმედა მღებრიშვილმაც.

"ნუთუ არაა საკმარისი ამდენი დაკარგული სიცოცხლე, დაკარგული სახლები და ათასობით გაუბედურებული ოჯახი, ნუთუ ამისთვის იბრძოდა ჩვენი ქვეყანა, რომ ასეთ მძიმე ვითარებაში დახმარების ხელის გამოწვდის სანაცვლოდ ასეთი უსამართლო დამოკიდებულება მიგვეღო ჩვენი ზოგიერთი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლისგან. ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება არ გესმოდეს იმ უბედურების მასშტაბი რაც ხდება უკრაინაში და ხდებოდა ჩვენთან 2008-ში, როგორც ჩანს ევროპაში მყოფთაგან ზოგიერთისთვის ეს ყველაფერი სხვანაირად ჩანს, რაც ჩემში იმედგაცრუებას იწვევს.

ჩვენ უკან დასახევი ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და მშვიდობის დასაცავად არაფერი გვაქვს. საჭიროა თავისუფლად საუბარი ყველაფერზე რაც ხდება, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა მიიღოს იმ კითხვებზე პასუხები რომელიც არსებობს, სწორედ ამიტომ, იმისთვის, რომ მმართველ გუნდს უხერხულობა არ შევუქმნა მე ვტოვებ ფრაქციის თავმჯდომარის პოსტს და პარტია ქართულ ოცნებას, ვაპირებ შევუერთდე იმ ადამიანებს ვინც მზადაა ისაუბროს უფრო ღიად და დაიცვას მშვიდობა, სტაბილურობა ამ ქვეყანაში და ამ ქვეყნის ევროპული მომავალი". – წერს მღებრიშვილი.

ქართული ოცნება და დაკავებული თანამდებობები დატოვეს ლაგოდეხის, ჭიათურის, თერჯოლის, ახალციხის, გორისა და თელავის საკრებულოების დეპუტატებმაც. მიზეზები ყველა განცხადებაში მსგავსია და თან ახლავს დასავლელი პარტნიორების, მათ შორის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის კრიტიკა.

8 ივლისს მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს მიმართა და მოუწოდა, რომ ამერიკის "იმიჯის დასაცავად" ნაციონალური მოძრაობის "პროვოკაციებსა" და "ტექნიკური მთავრობის მოთხოვნებს" საჯაროდ გაემიჯნოს. დეგნანის შეფასებით, ყაველაშვილის განცხადება "სავსე იყო ტყუილებითა და შეთქმულების თეორიებით".

9 ივლისს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუსას მიხეილ ყაველაშვილმა კელი დეგნანს დიპლომატია დაუწუნა და თქვა, რომ ამერიკა საქართველოში მათ აფინანსებს, ვისაც მმართველობიდან ქართული ოცნების ხელისუფლების ჩამოშორება სურთ.

ივანიშვილის დეპუტატებმა – სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ ქართული ოცნება 28 ივნისს დატოვეს. ისინი ამტკიცებენ, რომ საზოგადოებას თანდათანობით მიაწვდიან ინფორმაციას იმ მოვლენების შესახებ, "რომლებიც ქართული პოლიტიკის კულისებში ვითარდება". დეპუტატების ცნობით, მათი მთავარი მიზანი იმ გეგმის აღსრულების პრევენციაა, "რომელმაც საქართველო არეულობამდე, ომამდე და რუსულ სამხედრო ოკუპაციამდე უნდა მიიყვანოს". თუმცა, მათივე თქმით, "საზოგადოების სიმართლით აღჭურვისთვის" გარკვეულ თემებზე საჯაროდ საუბარი ქართულ ოცნებას უხერხულობას შეუქმნის, ამიტომ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

კომენტარები