ქართული ოცნება

ივანიშვილის დეპუტატების მხარდასაჭერად ქართული ოცნება ჭიათურის საკრებულოს წევრმაც დატოვა

Nika Samxaradze / Facebook

ივანიშვილის დეპუტატების – მიხეილ ყაველაშვილის, სოზარ სუბარისა, დიმიტრი ხუნდაძის მხარდასაჭერად პარტიასა და ჭიათურის საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემაც დატოვა.

"ზუსტად ვხვდები, რომ ქართული ოცნებიდან გასულ პარლამენტის სამივე წევრს ჩვენზე ათასჯერ მეტი ინფორმაცია აქვს, მაგრამ ვთვლი, რომ ამ ხალხს ჩვენგანაც მხარდაჭერა სჭირდება ძალიან რთულ, რეალურად ევროპულ, თავისუფლებისთვის და დემოკრატიის კიდევ უფრო მაღალი ხარისხისთვის ბრძოლის გზაზე. ამიტომ მეც ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას და პარტიას. ამით ჩვენს საკრებულოში ქართულ ოცნებას ნამდვილად არ ექმნება უმრავლესობის პრობლემა, სხვა შემთხვევაში ასე არ მოვიქცეოდი. დიდი მადლობა თითოეულ ჩემს თანაგუნდელს ყველაფრისთვის. 

იმედია არ მიწყენენ. ჩემი აზრით ბევრი ისეთი რამეა პირდაპირ სათქმელი, რომელიც დააზღვევს, რომ ნამდვილი მეგობრები ცეკას წარმომადგენლებივით არ გველაპარაკებოდნენ. ამ სიტყვებში არ შეიძლება ჩემს კოლეგა გიორგი ღამბაშიძეს არ დაეთანხმო". – წერს სამხარაძე.

ქართული ოცნებისა და დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გაავრცელა ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღამბაშიძემაც. ღამბაშიძემ საქართველოში აშშ-ს ელჩი გააკრიტიკა და დაწერა, რომ "მის ქართულ ოცნებაში" არ ჯდება, რომ "მთავარი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი ამ ქვეყანაში, მისთვის განკუთვნილ წერილს ბოლომდეც კი არ კითხულობს".

8 ივლისს მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს მიმართა და მოუწოდა, რომ ამერიკის "იმიჯის დასაცავად" ნაციონალური მოძრაობის "პროვოკაციებსა" და "ტექნიკური მთავრობის მოთხოვნებს" საჯაროდ გაემიჯნოს. დეგნანის შეფასებით, ყაველაშვილის განცხადება "სავსე იყო ტყუილებითა და შეთქმულების თეორიებით".

9 ივლისს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუსას მიხეილ ყაველაშვილმა კელი დეგნანს დიპლომატია დაუწუნა და თქვა, რომ ამერიკა საქართველოში მათ აფინანსებს, ვისაც მმართველობიდან ქართული ოცნების ხელისუფლების ჩამოშორება სურთ.

ივანიშვილის დეპუტატებმა – სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ ქართული ოცნება 28 ივნისს დატოვეს. ისინი ამტკიცებენ, რომ საზოგადოებას თანდათანობით მიაწვდიან ინფორმაციას იმ მოვლენების შესახებ, "რომლებიც ქართული პოლიტიკის კულისებში ვითარდება". დეპუტატების ცნობით, მათი მთავარი მიზანი იმ გეგმის აღსრულების პრევენციაა, "რომელმაც საქართველო არეულობამდე, ომამდე და რუსულ სამხედრო ოკუპაციამდე უნდა მიიყვანოს". თუმცა, მათივე თქმით, "საზოგადოების სიმართლით აღჭურვისთვის" გარკვეულ თემებზე საჯაროდ საუბარი ქართულ ოცნებას უხერხულობას შეუქმნის, ამიტომ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

კომენტარები