ქართული ოცნება

"იმ ხალხს ვუერთდები, ვინც მეტის ლაპარაკს აპირებს" – ოცნება კიდევ ერთმა წევრმა დატოვა

FB/Misha Goginashvili

ივანიშვილის დეპუტატების – მიხეილ ყაველაშვილის, სოზარ სუბარისა და დიმიტრი ხუნდაძის მხარდასაჭერად, პარტია და თანამდებობა დატოვა გორის საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილემ, მიხეილ გოგინაშვილმა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში გოგინაშვილმა თქვა, რომ არავის მისცემს საშუალებას, საქართველო კიდევ ერთხელ გახვიოს ომის ქარცეცხლში.

"ჩემთვისაც ძალიან რთულია, ნაწილ-ნაწილ ვილაპარაკო ხალხში და ვზომო, რამდენის თქმაა საჭირო და რამდენის არა. მგონი, სჯობს მე იმ ხალხს შევუერთდე, ვინც მეტის ლაპარაკს აპირებს. მაშინ, როდესაც მიხეილ ყაველაშვილის მიერ დასმულ კითხვებზე, რომელიც დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის დიდ ნაწილს გააჩნია, უახლოესი პარტნიორი ქვეყნის ელჩის მხრიდან ასეთი მძიმე შეფასებები მოვისმინეთ, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ მოგვესმინა კითხვებზე პასუხები, ვნახეთ შეურაცხყოფა და უპატივცემულობა.

ქართველმა ხალხმა (განსაკუთრებით გორელებმა) კარგად იცის, როგორია ომის ფასი, რომლისკენაც სურთ რადიკალურ ძალებს უბიძგონ ჩვენს ქვეყანას. იმის ნაცვლად, რომ ამერიკის ელჩი ემიჯნებოდეს მათ და ყველა მსგავს ძალასა და მცდელობას, სამწუხაროდ, ვნახეთ საპირისპირო. სწორედ ამიტომ, ვუერთდები ჩემი კოლეგის მოწოდებას, ვტოვებ პარტია ქართულ ოცნებას და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იმისთვის, რომ უფრო თავისუფლად შევძლო ამ ყველაფერზე საუბარი და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად არავის მივცე საშუალება, კიდევ ერთხელ გახვიონ ჩვენი ქვეყანა ომის ქარცეცხლში.

11 ივლისს ქართული ოცნებისა და დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გაავრცელა ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღამბაშიძემაც. აგრეთვე, პარტია და თანამდებობა დატოვა ახალციხის საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილემ, დეპუტატმა საბა კბილაშვილმაც. თანამდებობა და პარტია ასევე დატოვა ჭიათურის საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკოლოზ სამხარაძემ. იმავე შინაარსის განცხადება გაავრცელა თერჯოლის საკრებულოში ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, ომარ ჯიხვაშვილმაც.

8 ივლისს მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს მიმართა და მოუწოდა, რომ ამერიკის "იმიჯის დასაცავად" ნაციონალური მოძრაობის "პროვოკაციებსა" და "ტექნიკური მთავრობის მოთხოვნებს" საჯაროდ გაემიჯნოს. დეგნანის შეფასებით, ყაველაშვილის განცხადება "სავსე იყო ტყუილებითა და შეთქმულების თეორიებით".

9 ივლისს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუსას მიხეილ ყაველაშვილმა კელი დეგნანს დიპლომატია დაუწუნა და თქვა, რომ ამერიკა საქართველოში მათ აფინანსებს, ვისაც მმართველობიდან ქართული ოცნების ხელისუფლების ჩამოშორება სურთ.

ივანიშვილის დეპუტატებმა – სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ ქართული ოცნება 28 ივნისს დატოვეს. ისინი ამტკიცებენ, რომ საზოგადოებას თანდათანობით მიაწვდიან ინფორმაციას იმ მოვლენების შესახებ, "რომლებიც ქართული პოლიტიკის კულისებში ვითარდება". დეპუტატების ცნობით, მათი მთავარი მიზანი იმ გეგმის აღსრულების პრევენციაა, "რომელმაც საქართველო არეულობამდე, ომამდე და რუსულ სამხედრო ოკუპაციამდე უნდა მიიყვანოს". თუმცა, მათივე თქმით, "საზოგადოების სიმართლით აღჭურვისთვის" გარკვეულ თემებზე საჯაროდ საუბარი ქართულ ოცნებას უხერხულობას შეუქმნის, ამიტომ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

კომენტარები