ქართული ოცნება

"იმისთვის, რომ შევძლო თავისუფლად საუბარი"– ოცნებას თელავის საკრებულოს წევრიც ტოვებს

ლევან კოჭლოშვილი

ივანიშვილის დეპუტატების – მიხეილ ყაველაშვილის, სოზარ სუბარისა, დიმიტრი ხუნდაძის მხარდასაჭერად პარტია და თელავის საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნება დეპუტატმა ლევან კოჭლოშვილმა დატოვა. ამის შესახებ მან FACEBOOK-ზე დაწერა. 

"ის, რომ დღეს ჩვენ ვარსებობთ, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა ჩვენი წინაპრების არაერთი თავდადების და ვაჟკაცობის დამსახურებაა. ჩვენთვის საყვარელი მეფე ერეკლეს მსგავსად დარმწუნებული ვარ, თითოეული ჩვენი სახელოვანი წინაპარის ოცნება მშვიდობიანი, ერთიანი, ქრისტიანული და ევროპული საქართველო იყო, რომელიც ძლიერ ქართულ ფესვებზე უნდა ყოფილიყო დაშენებული. ჩვენს მეფეებს ჯეროდათ და სწამდათ, რომ ჩვენი მტრებისგან განსხვავებით ევროპა იყო ის ადგილი სადაც საქართველო დაიმკვიდრებდა ადგილს საკუთარი ისტორიით, კულტურითა და მრავალგანსაცდელ გამოვლილი რწმენით.

დღეს გარკვეული ძალები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ევროპულობას ამოფარებულები ებრძვიან ყოველივეს რაზეც საუკუნეების განმავლობაში იდგა და დღესაც დგას ჩვენი სამშობლო. მე არ მჯერა იმ ევროპის, რომელიც მხარს უჭერს და მფარველობს ნაციონალურ მოძრაობას, ძალას რომელიც წლების განმავლობაში გვკლავდა და გვაწამებდა. მე არ მჯერა იმ ევროპის, რომელიც აფინანსებს იმ ორგანიზაციებს, რომელიც წლების განმავლობაში ებრძვის ყოველივე ქართულს.

მე მჯერა ევროპის, რომელზეც ოცნებობდნენ ჩემი წინაპრები, მე მჯერა ჩემი ქვეყნის და ისტორიის, მე მჯერა ჩვენი რწმენის, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქართველი კაცის განნუყოფელი ნაწილი იყო.

არ მივცემ შესაძლებლობას არავის ხელისუფლების ხელში ჩაგდებაში დაეხმაროს ნაც მოძრაობას, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ნანატრი მშვიდობა, რომელმაც ბოლო ათი წლის განმავლობაში დაისადგურა ჩვენ ქვეყანაში, საფრთხის წინაშე არ დადგეს. იმისთვის, რომ ჩვენ ეს მოვახერხოთ საჭიროა სიმართლის ლაპარაკი, მოურიდებლად, პირდაპირ. სწორედ ამიტომ იმისთვის, რომ მე შევძლო თავისუფლად საუბარი და მოქმედება, გადავწყვიტე დავტოვო დაკავებული თანამდებობა და შევუერთდე იმ ადამიანების რიგებს ვინც აპირებს იბრძოლოს სიმართლისთვის, დაეხმაროს საკუთარ ქვეყანას ასეთ რთულ მომენტში და ხელი შეუშალოს ყველა მცდელობას რომელმაც შეიძლება საქართველო ომამდე მიიყვანოს. ღმერთმა დალოცოს საქართველო!".- წერს კოჭლოშვილი. 

11 ივლისს ქართული ოცნებისა და დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გაავრცელა ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღამბაშიძემაც. თანამდებობა და პარტია დატოვა ჭიათურის საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკოლოზ სამხარაძემაც. იმავე შინაარსის განცხადება გაავრცელა თერჯოლის საკრებულოში ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, ომარ ჯიხვაშვილმაც. თანამდებობა ოცნების ახალციხის საკრებულოს წევრმაც დატოვა

8 ივლისს მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს მიმართა და მოუწოდა, რომ ამერიკის "იმიჯის დასაცავად" ნაციონალური მოძრაობის "პროვოკაციებსა" და "ტექნიკური მთავრობის მოთხოვნებს" საჯაროდ გაემიჯნოს. დეგნანის შეფასებით, ყაველაშვილის განცხადება "სავსე იყო ტყუილებითა და შეთქმულების თეორიებით".

9 ივლისს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუსას მიხეილ ყაველაშვილმა კელი დეგნანს დიპლომატია დაუწუნა და თქვა, რომ ამერიკა საქართველოში მათ აფინანსებს, ვისაც მმართველობიდან ქართული ოცნების ხელისუფლების ჩამოშორება სურთ.

ივანიშვილის დეპუტატებმა – სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ ქართული ოცნება 28 ივნისს დატოვეს. ისინი ამტკიცებენ, რომ საზოგადოებას თანდათანობით მიაწვდიან ინფორმაციას იმ მოვლენების შესახებ, "რომლებიც ქართული პოლიტიკის კულისებში ვითარდება". დეპუტატების ცნობით, მათი მთავარი მიზანი იმ გეგმის აღსრულების პრევენციაა, "რომელმაც საქართველო არეულობამდე, ომამდე და რუსულ სამხედრო ოკუპაციამდე უნდა მიიყვანოს". თუმცა, მათივე თქმით, "საზოგადოების სიმართლით აღჭურვისთვის" გარკვეულ თემებზე საჯაროდ საუბარი ქართულ ოცნებას უხერხულობას შეუქმნის, ამიტომ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

კომენტარები