ქართული ოცნება

მაჭარაშვილი ოცნებიდან წასულ დეპუტატებზე: ანტიდასავლურს ვერაფერს ვხედავ

გურამ მაჭარაშვილი
mkhare.ge

ქართული ოცნების დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, ის პარტიიდან წასული პოლიტიკოსების განცხადებებში ანტიდასავლურ პოზიციებს ვერ ხედავს.

"მათ სურთ, რომ საზოგადოებას მიაწოდონ ის ინფორმაცია იმდაგვარად, როგორც ეს მათ მიაჩნიათ, რომ უნდა მიაწოდონ. ამაში ანტიდასავლურს ვერაფერს ვხედავ. მათი მხრიდან არანაირი ანტიდასავლური და ანტიამერიკული პოზიციები არ გაჟღერებულა. საუბარია იმაზე, რომ პირიქით, ის პროცესები, რაც საქართველოში ხდება რადიკალური ფრთის მხრიდან და სამწუხაროდ, ზოგიერთი ჩვენი უცხოელი პარტნიორების პოლიტიკოსების მხრიდან, სწორედ ეს უწყობს ხელს საქართველოში ანტიდასავლურ პროცესებს". - ამბობს მაჭარაშვილი.

11 ივლისს ივანიშვილის დეპუტატების – მიხეილ ყაველაშვილის, სოზარ სუბარისა და დიმიტრი ხუნდაძის მხარდასაჭერად, პარტია და თანამდებობა დატოვა გორის საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილემ, მიხეილ გოგინაშვილმა. აგრეთვე, ქართული ოცნებისა და დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გაავრცელა ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღამბაშიძემაც. ასევე, პარტია და თანამდებობა დატოვა ახალციხის საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილემ, დეპუტატმა საბა კბილაშვილმაც. თანამდებობა და პარტია ასევე დატოვა ჭიათურის საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკოლოზ სამხარაძემ. იმავე შინაარსის განცხადება გაავრცელა თერჯოლის საკრებულოში ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, ომარ ჯიხვაშვილმაც.

8 ივლისს მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს მიმართა და მოუწოდა, რომ ამერიკის "იმიჯის დასაცავად" ნაციონალური მოძრაობის "პროვოკაციებსა" და "ტექნიკური მთავრობის მოთხოვნებს" საჯაროდ გაემიჯნოს. დეგნანის შეფასებით, ყაველაშვილის განცხადება "სავსე იყო ტყუილებითა და შეთქმულების თეორიებით".

9 ივლისს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუსას მიხეილ ყაველაშვილმა კელი დეგნანს დიპლომატია დაუწუნა და თქვა, რომ ამერიკა საქართველოში მათ აფინანსებს, ვისაც მმართველობიდან ქართული ოცნების ხელისუფლების ჩამოშორება სურთ.

ივანიშვილის დეპუტატებმა – სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ ქართული ოცნება 28 ივნისს დატოვეს. ისინი ამტკიცებენ, რომ საზოგადოებას თანდათანობით მიაწვდიან ინფორმაციას იმ მოვლენების შესახებ, "რომლებიც ქართული პოლიტიკის კულისებში ვითარდება". დეპუტატების ცნობით, მათი მთავარი მიზანი იმ გეგმის აღსრულების პრევენციაა, "რომელმაც საქართველო არეულობამდე, ომამდე და რუსულ სამხედრო ოკუპაციამდე უნდა მიიყვანოს". თუმცა, მათივე თქმით, "საზოგადოების სიმართლით აღჭურვისთვის" გარკვეულ თემებზე საჯაროდ საუბარი ქართულ ოცნებას უხერხულობას შეუქმნის, ამიტომ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

კომენტარები