რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

REUTERS: აშშ რუსულ ნავთობზე ფასის ჭერის დაწესებას გეგმავს

Reuters

Reuters-ი აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ნავთობის გლობალური ფასი 40%-ით, $140-მდე გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ ენერგორესურსზე ფასის ჭერი არ დაწესდება

ფასის ჭერი კონკრეტულ საქონელზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებას ნიშნავს, რომელზე მაღალი ფასის დადებაც მიმწოდებელს გარკვეული პერიოდით შეზღუდული აქვს. 

წყაროს ცნობით, მომავალ კვირაში, აშშ-ს სახაზინო მდივანი, ჯანეტ იელენი აშშ-ს ფასების ლიმიტის წინადადებასა და გლობალურ ეკონომიკურ მოვლენებს იაპონიის ფინანსთა მინისტრ შუნიჩი სუძუკისთან ერთად განიხილავს. 

დასავლელი მაღალჩინოსნების მიზანია ფასის იმ დონეზე დაყენება, რომელიც რუსეთის წარმოების ზღვრულ დანახარჯებს დაფარავს, რათა მოსკოვს ნავთობის ექსპორტის სტიმული შეუნარჩუნდეს, თუმცა, ფასების მანიპულაციით ომის დაფინანსების საშუალებას შეუზღუდავს. 

იაპონიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ აშშ-ს მიერ შეთავაზებული ფასის ზღვარი ძალიან დაბალია, თუმცა აღნიშნეს, რომ მისი პოტენციური დიაპაზონი ბარელზე $40-დან $60-მდე უნდა შენარჩუნდეს. 

დიდი შვიდეულის ქვეყნები ბავარიაში სამიტზე შეთანხმდნენ, რომ მოსკოვის შემოსავლების შესამცირებლად და ომის მანქანის დასასუსტებლად, დამატებით სანქციებს დააწესებდნენ, თუმცა, დეტალები ჯერ კიდევ უცნობია. 
 

კომენტარები