გამოქვეყნდა მმართველობის კეთილსინდისიერების განახლებული ინდექსები. ეს არის მსოფლიო ინდექსები, რომლებიც შემუშავებულია მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციის, შეიძლება ითქვას, ვაშინგტონის ნომერ პირველი ანალიტიკური ცენტრის, Heritage Foundation-ის გამოკვლევით. საქართველო მთავრობის კეთილსინდისიერების 2022 წლის ინდექსით მსოფლიოში 35 ადგილას გავიდა და ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში დაწინაურდა. მეორე არის ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის სახელმწიფოს კეთილსინდისიერების ინდექსი, რომლის მიხედვითაც საქართველო მსოფლიოში 32-ე ადგილზე გავიდა და პოსტსაბჭოთა სივრცეში ესტონეთის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.
ეს არის ჩვენი მთავრობის მუშაობის შედეგი. შედარებისთვის, წელს მთავრობის კეთილსინდისიერების ინდიკატორით NATO-ს წევრ 14 და ევროკავშირის 12 სახელმწიფოს ვუსწრებთ. რამდენიმე ქვეყანა შემიძლია ჩამოვთვალო – კვიპროსი, ლატვია, პოლონეთი, ჩეხეთი, იტალია, მალტა, სლოვაკეთი, საბერძნეთი, ხორვატია, მონტენეგრო, ბულგარეთი, რუმინეთი და ასე შემდეგ, აღარ გავაგრძელებ. შედარებისთვის, მინდა გითხრათ, რომ 2012 წელს, მაშინ, როცა მთელ მსოფლიოს და ჩვენს ხალხს ეუბნებოდნენ, თითქოს, ნომერ პირველი სახელმწიფო ვიყავით რეფორმებით, შესრულების მხრივ და ამ ინდიკატორებით, 69-ე ადგილზე ვიყავით. არავითარ საუკეთესო ოცეულზე საუბარი არ იყო მაშინ.





