რუსული ბუნებრივი აირი

რუსეთი ევროპისთვის ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით გაზის მიწოდებას დროებით წყვეტს

11 ივლისიდან რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით გაზის მიწოდება შეწყვიტაგაზპრომის შვილობილი კომპანია, Nord Stream AG აცხადებს, რომ მიწოდების შეჩერების მიზეზი ყოველწლიურ გეგმიურ ტექნიკურ სამუშაოებს უკავშირდება.

Nord Stream AG-ს ცნობით, სამუშაოები 10 დღით გაგრძელდება და მიწოდება 21 ივლისს აღდგება, თუმცა დასავლეთში არსებობს ეჭვები, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რუსეთმა, შესაძლოა, ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენა გააჭიანუროს. გასულ წლებში მსგავს ყოველწლიურ სამუშაოებს 10-12 დღე სჭირდებოდა და გაზის მიწოდება ყოველ ჯერზე დათქმულ დროს აღდგა.

ჩრდილოეთის ნაკადი 1, რომელიც ბალტიის ზღვაზე გადის, ყოველწლიურად რუსეთიდან გერმანიაში 55 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს გზავნის. ამ გაზსადენზე ევროკავშირის მრავალი ქვეყანაა დამოკიდებული. მას შემდეგ, რაც ბალტიის ზღვაზე გამავალი ჩრდილოეთის ნაკადი 1 გაითიშა, ევროპის ქვეყნები ბუნებრივ აირს უკრაინის გავლით იღებენ. იქმნება საფრთხე, რომ ევროპის ქვეყნები ზამთრის გაზის მარაგს ვერ შეავსებენ.

ბუნებრივი აირის მიწოდების სრული შეწყვეტის საფრთხეზე გასულ დღეებში გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა ისაუბრა.

"იმ პატერნზე დაყრდნობით, რაც გვინახავს, არ იქნება გასაკვირი რაიმე პატარა, ტექნიკური დეტალი აღმოაჩინონ და შემდეგ თქვან, რომ ახლა ხელახლა ვეღარ ჩავრთავთო". – თქვა ჰაბეკმა რამდენიმე დღის წინ.

გასულ თვეში, 14 ივნისს რუსეთმა ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით ბუნებრივი აირის მიწოდება 40%-ით შეამცირა და მიზეზად დაასახელა ის, რომ კანადამ არ დააბრუნა ტურბინები, რომლებსაც არემონტებდნენ. 

11 ივლისს კანადის მთავრობა დათანხმდა გერმანიისთვის ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის მილსადენის შეკეთებული ტურბინის გადაცემას. რუსული გაზპრომის მტკიცებით, კანადა ტურბინის უკან დაბრუნებაზე უარს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო ამბობდა. 

გერმანული კომპანია Siemens Energy-ის ცნობით, კანადაში შეკეთებული გაზის მილსადენის ტურბინის ბერლინისთვის გადაცემა მისი საბოლოოდ რუსეთში ტრანსპორტირების პირველი ნაბიჯი იყო. კომპანიის ცნობით, ტურბინა რუსეთში მაქსიმალურად სწრაფად გაიგზავნება.

უკრაინა მოუწოდებდა კანადას, არ დაებრუნებინა მილსადენის შეკეთებული ნაწილი, რადგან ეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ეწინააღმდეგება.

კომენტარები