რუსული ბუნებრივი აირი

FT: EU გეგმავს, წევრ ქვეყნებს რუსული გაზის იმპორტის დამოუკიდებლად დაბლოკვის უფლება მისცეს

Bloomberg

Financial Times-ის ინფორმაციით, ევროკავშირმა მოამზადა კანონპროექტი, რომელიც წევრ ქვეყნებს საშუალებას მისცემს, დამოუკიდებლად დაბლოკონ გაზის იმპორტი რუსეთიდან და ბელარუსიდან. 

გამოცემის თანახმად, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანას შეეძლება "ნაწილობრივ ან, სადაც გამართლებული იქნება, სრულად შეზღუდოს" რუსული და ბელარუსული კომპანიების წვდომა მათ გაზსადენებსა და თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალებზე. 

FT საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ევროპულ ენერგოკომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, რუსული გაზის მიმწოდებლებთან კონტრაქტები დიდი ოდენობით კომპენსაციის გადახდის გარეშე შეწყვიტონ.  

2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები დააწესეს.

როგორც Financial Times-ი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა ეტაპობრივად შეამცირა დამოკიდებულება ენერგიის რუსულ წყაროებზე უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, იგი მაინც იღებს რუსეთიდან გაზის მარაგის დაახლოებით მეათედს. ამავე ინფორმაციით, ზოგი ქვეყანა, განსაკუთრებით ავსტრია და უნგრეთი კი, დიდწილად, რუსეთის გაზის იმპორტზე არიან დამოკიდებული.

FT ასევე წერს, რომ თხევადი გაზის უმსხვილესი იმპორტიორები რუსეთიდან ესპანეთი და ბელგია არიან. 

კომენტარები