რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კანადა გერმანიას რუსული გაზსადენის შეკეთებულ ტურბინას დაუბრუნებს

marketresearchtelecast.com

კანადის მთავრობა დათანხმდა გერმანიისთვის ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის მილსადენის შეკეთებული ტურბინის გადაცემას. რუსული გაზპრომის მტკიცებით, კანადა ტურბინის უკან დაბრუნებაზე უარს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო ამბობდა, ჩრდილოეთის ნაკადი 1 კი გერმანიისთვის რუსული გაზის მიწოდების ძირითადი წყაროა.

უკრაინა მოუწოდებდა კანადას, არ დაებრუნებინა მილსადენის შეკეთებული ნაწილი, რადგან ეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ეწინააღმდეგება.

"სანქციები გაზთან დაკავშირებული ნებისმიერი აღჭურვილობის გადაცემას კრძალავს. თუ კანადა ამ გადაწყვეტილებას საბოლოოდ მიიღებს, ჩვენ უთუოდ ევროპელ კოლეგებს მივმართავთ, რათა მათი მიდგომა გადაიხედოს. ვინაიდან, თუ ქვეყნები არ დაიცავენ იმ შეზღუდვებს, რომლებზეც სანქციების დაწესებისას შეთანხმდნენ, როგორ უნდა ვისაუბროთ სოლიდარობაზე?" – თქვა უკრაინის მთავრობიდან ანანომურმა წყარომ Reuters-თან ინტერვიუში. 

ტურბინის გადაცემით გერმანიას ბუნებრივი აირის მიწოდება აღუდგება, რომლის ექსპორტიც რუსეთმა გასულ თვეს ტექნიკური შეფერხების მიზეზით 40%-ით შეამცირა. 

ტურბინის შეკეთება ინდუსტრიის გერმანული გიგანტის, Siemens-ის კანადურ ბაზაზე მიმდინარეობდა. რუსული გაზპრომი სწორედ აღნიშნული ტექნიკის არარსებობას ასახელებდა ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის გამტარუნარიანობის 40%-ით შემცირების მიზეზად.

კომენტარები