ევროკავშირი-სამხრეთ კავკასია

ფონ დერ ლაიენი: სომხეთის ექსპორტის 80%-ზე ტარიფების გაუქმების ინიციატივით გამოვდივართ

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ერევანში განაცხადა, რომ მალე სომხეთი ევროკავშირისგან ვაჭრობის გაძლიერებისა და დივერსიფიკაციის მიზნით €18 მილიონს მიიღებს.

სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან სერიოზული ეკონომიკური ზეწოლის ფონზე, სომხეთს შეუძლია, ევროკავშირის იმედი ჰქონდეს.

"ამ დაფინანსებამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს, მაგალითად, ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს დაარსებას, რათა გაძლიერდეს სომხური ბიზნესების საექსპორტო პოტენციალი. €18 მილიონი წარმოადგენს €52-მილიონიანი დახმარების პაკეტის ბოლო კომპონენტს, რომელიც ჩვენ ივნისის დასაწყისში პრემიერმინისტრთან გამართულ სატელეფონო საუბარში განვიხილეთ." – განმარტა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

"ვიცი, რომ სომხეთი კვლავ სერიოზული ეკონომიკური წნეხის წინაშეა რუსეთის მხრიდან, თუმცა, დარწმუნებულები იყავით: როცა ჩვენი პარტნიორები ზეწოლის ქვეშ არიან, ევროკავშირი ძალისხმევას აძლიერებს... შეგიძლიათ, ჩვენი იმედი გქონდეთ." – დაამატა მან.

ამასთან, ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკომისია გამოდის ინიციატივით, რომ ევროკავშირში სომხეთის ექსპორტის 80%-ზე ტარიფები მოიხსნას. პრეზიდენტის მიხედვით, ეს დაეხმარება ერევანს, რათა ამჟამად რუსულ ბაზარზე ძლიერ დამოკიდებული პროდუქცია ევროკავშირის ბაზრისკენ გადაამისამართოს, რომელსაც 450 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.

"კერძოდ, საერთო მარკეტი გაიხსნება სომხეთის ახალი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის 99%-ისთვის, რომელიც აქამდე ექსპორტზე რუსეთში გადიოდა. ეს ასევე კარს გაუხსნის სომხური სასმელებისა და სპირტიანი სასმელების 90%-ზე მეტს ევროკავშირის საერთო ბაზარზე შესასვლელად." – განმარტა ფონ დერ ლაიენმა.

ცნობისთვის, ფონ დერ ლაიენი სამხრეთ კავკასიაში 2-დღიანი ვიზიტით იმყოფება, რის ფარგლებშიც ის აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა და მშვიდობაზე, ეკონომიკურ კავშირებსა და რუსეთის წნეხის ფონზე სომხეთის მხარდაჭერაზე მოლაპარაკებები გამართა.

სომხეთამდე ევროკომისიის პრეზიდენტი ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა და რეგიონისთვის გრანტების სახით €200 მილიონის ოდენობის გრანტები დააანონსა.

კომენტარები