რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი ევროპაში გაზის მიწოდებას გაზრდის, თუ კანადა მას ტურბინას გადასცემს – კრემლი

marketresearchtelecast.com

კრემლის ცნობით, რუსეთი ევროპაში გაზის მიწოდებას გაზრდის იმ შემთხვევაში, თუ კანადა მას Nord Stream 1 მილსადენის ტურბინას გადასცემს. 

ასევე, კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ბრალდებები, რომ მოსკოვი ნავთობსა და გაზს ევროპის დასაშანტაჟებლად იყენებს, უარყო.

თუმცა, Reuters-ი უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ კიევი კანადას მოუწოდებს, არ გადასცეს რუსულ ენერგოგიგანტ გაზპრომს ტურბინა გაზსადენ ჩრდილოეთის ნაკადისთვის, რადგან ეს ნაბიჯი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ეწინააღმდეგება.

ტურბინის გადაცემით გერმანიას ბუნებრივი აირი მიეწოდება, რომლის ექსპორტიც რუსეთმა გასულ თვეში ტექნიკური შეფერხების მიზეზით, 40%-ით შეამცირა. 

"სანქციები გაზთან დაკავშირებული ნებისმიერი აღჭურვილობის გადაცემას კრძალავს. 

თუ კანადა ამ გადაწყვეტილებას საბოლოოდ მიიღებს, ჩვენ უთუოდ ევროპელ კოლეგებს მივმართავთ, რათა მათი მიდგომა გადაიხედოს. ვინაიდან, თუ ქვეყნები არ დაიცავენ იმ შეზღუდვებს, რომლებზეც სანქციების დაწესებისას შეთანხმდნენ, როგორ უნდა ვისაუბროთ სოლიდარობაზე?". - თქვა ანანომიურმა წყარომ Reuters-თან ინტერვიუში. 

ინფორმაცია ტურბინის გადაცემის შესახებ კანადის მთავრობას არ დაუდასტურებია, თუმცა, წყაროს თქმით, კანადასა და გერმანიას არ სურთ, რომ რუსეთისთვის ტურბინა Nord Stream 1მილსადენით გაზის მიწოდების შეწყვეტის საბაბი იყოს. 

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის, გერმან გალუშენკოს თქმით, რუსეთს თავისი სატრანზიტო მარშრუტებით ჯერ კიდევ აქვს საკმარისზე მეტი სიმძლავრე იმისთვის, რომ გაზის მიწოდება კანადაში მდებარე ტურბინის გარეშე შეძლოს. 

"შვიდი ტურბინაა და ის ტურბინები, რომლებიც ახლა მუშაობს, სრული სიმძლავრისთვის საკმარისია.

თუ კანადელები გერმანიას ტურბინას გადასცემენ, ეს იქნება G7-ის ორი ქვეყნის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის პრეცედენტი". - ამბობს წყარო Reuters-თან. 

კომენტარები