რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბლინკენი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რუსეთის უკრაინაში ომის დაგმობისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვანგ იმს მოუწოდა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომი დაეგმო. ისინი დიდი ოცეულის, G20-ს სამიტზე შეხვდნენ.

"მე ვცდილობდი, ამეხსნა სახელმწიფო მრჩევლისთვის - ის მომენტია, როდესაც ყველანი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უნდა დავდგეთ. პეკინისგან გვესმის, რომ ისინი ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებენ. რთულია იყო ნეიტრალური, როცა საქმე ეხება ამ აგრესიას. არსებობს აშკარა აგრესორი, არის აშკარა მსხვერპლი". - აღნიშნა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა. 

შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე ბლინკენმა რუსეთისა და უკრაინის ომის მიმართ ჩინეთის "ნეიტრალურ პოზიციას" დაუჯერებელი უწოდა. მისი თქმით, ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთს გაეროში და აძლიერებს რუსულ პროპაგანდას. 

ბლინკენთან შეხვედრამდე, ვანგ იმი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა. მხარეებმა მჭიდრო კავშირი და სტრატეგიული განსაზღვრულობა დაადასტურეს. 

პეკინს ამ დრომდე არ უწოდებია რუსეთის უკრაინაზე თავდასხმისთვის "შეჭრა". მას შედმეგ რაც პუტინი და სი ძინპინი ერთმანეთს შეხვდნენ, ჩინეთმა განმარტა, რომ რუსეთთან თანამშრომლობაში არ არსებობს "ლიმიტები" და "აკრძალული სფეროები", თუმცა უკრაინასთან ომი არ უხსენებია.

ჩინეთმა გასული თვის ბოლოს BRICS-ის მე-14 სამიტს უმასპინძლა, რომელსაც ხუთი წევრი სახელმწიფო - ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა ესწრებოდნენ. ამასთანავე, 15 ივნისს კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და მისი ჩინელი კოლეგა, სი ძინპინი დასავლეთის სანქციების პოლიტიკის გამო ენერგეტიკის, ფინანსებისა და მრეწველობის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ.

ომის მიუხედავად, რუსეთისა და ჩინეთის კავშირის გაძლიერებას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატებიც. "ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს, მაგრამ მისი ქმედებები ცხადყოფს, რომ რუსეთთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებას ცდილობს. ჩინეთმა თავისი არჩევანი უკვე გააკეთა". - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. 

მანამდე, ბლინკენმა განმარტა, რომ ამერიკა რუსეთს განიხილავს, როგორც ამჟამინდელ საფრთხეს, თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ბლინკენის შეფასებით, ჩინეთი, რუსეთთან შედარებით, მეტად საფრთხის შემცველია. 

ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის მხარდასაჭერად შექმნილი კოალიცია, რომელიც რუსეთს უწევს წინააღმდეგობას, წარმოადგენს კარგ მოდელს სამომავლოდ ჩინეთის გამოწვევებთან გასამკლავებლად.

კომენტარები