რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი საფრანგეთს დიპლომატიური კონფიდენციალურობის დარღვევაში ადანაშაულებს

ოფიციალური მოსკოვი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს დიპლომატიური კონფიდენციალურობის დარღვევაში ადანაშაულებს. საქმე ეხება მაკრონის გადაწყვეტილებას, დოკუმენტურ ფილმში გაესაჯაროვებინა რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრები. ფილმი ასახავს მაკრონის წარუმატებელ მცდელობას, დაერწმუნებინა ვლადიმირ პუტინი, არ დაეწყო ომი უკრაინაში. 

"ჩვენ ყოველთვის ისე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომ საკუთარი თავის არასდროს შეგვრცხვეს. ყოველთვის ვამბობთ იმას, რასაც ვფიქრობთ, მაგრამ დიპლომატიური პრაქტიკა ასეთი ჩანაწერების ცალმხრივად გაჟონვის შესაძლებლობას არ იძლევა". - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ვიეტნამში გამართულ პრესკონფერენციაზე. 

მაკრონსა და პუტინს შორის დისკუსია, რომელიც 20 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ოთხი დღით ადრე გაიმართა, France 2-ის სატელევიზიო ჯგუფმა გადაიღო. ის აჩვენეს დოკუმენტურ ფილმში სახელწოდებით "პრეზიდენტი, ევროპა და ომი".

"რთული წარმოსადგენია, რომ ფრანგული მხარე ვინმეს კონფიდენციალურობას პატივს სცემს. პარიზმა მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ ლიდერებსა და პარტნიორებს შორის საუბრების გამოქვეყნებას ნორმალურად მიიჩნევს". -  თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ.

მოლაპარაკების პროცესში პუტინი "პრინციპში", თანახმაა, ჟენევაში აშშ-ს პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე. მაკრონი გაღიზიანებულია, პუტინი უკმაყოფილოა და ამბობს, რომ სპორტდარბაზშია და უბრალოდ ჰოკეის თამაში სურს. 

ბაიდენთან შეხვედრა არ შედგა. ამასთან ერთად, როგორც ჩანს, მაკრონის დიპლომატიური მრჩეველი პუტინს "მატყუარას" უწოდებს. ელისეში, შესაძლოა, იმედოვნებდნენ, რომ მიმდინარე პროცესების გასაჯაროება შეამსუბუქებდა კრიტიკას იმის გამო, რომ ის ძალიან რბილი იყო პუტინის მიმართ და მის მცდელობას, ემოქმედა როგორც შუამავალი რუსეთსა და დასავლეთს შორის, უფრო პოზიტიური კუთხით წარმოაჩენდა. თუმცა, ფილმმა შესაძლოა გააძლიეროს შთაბეჭდილება, რომ ის გულუბრყვილო იყო.

ერთ სცენაში, გასულ თვეში კიევიდან დაბრუნებულ მატარებელში, მაკრონი ცდილობს ახსნას, რატომ აგრძელებდა საუბარს თავის რუს კოლეგასთან.

"ვიფიქრე, რომ პუტინთან ნდობისა და მსჯელობის გზით გამოსავლს ვიპოვიდით". - თქვა მაკრონმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ბრალი დასდეს ტრანსკრიპტების გაჟონვაში. 2020 წელს გაზეთმა Le Monde-მა გამოაქვეყნა მოლაპარაკება მაკრონსა და პუტინს შორის რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის შესახებ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები