დეოლიგარქიზაცია

კობახიძე: ოლიგარქის ცნება არავითარ შემთხვევაში არ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს

კანონი უნდა დაზუსტდეს სამუშაო ჯგუფის ფორმატში. ჩვენ წარმოვადგინეთ გეგმა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებელ სუბიექტებს, ანუ კონკრეტულ ფორმატში იქნება განხილული ეს თემა, მათ შორის, კანონპროექტი, მისი დეტალები და კონკრეტული ვადებიც უნდა დაზუსტდეს. დეტალები უნდა დაზუსტდეს სამუშაო ფორმატში ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით, მათ შორის, ჩვენ ვთქვით, რომ  შეიძლება, უკრაინული კანონიც გამოვიყენოთ ამისთვის. 

სამუშაო ჯგუფი უნდა შეჯერდეს იმაზე, თუ რა არის ოლიგარქის ცნება, ვინ არის ოლიგარქი და ვის მიესადაგება საქართველოში ეს ცნება. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, რაც მე არაერთხელ ვთქვი, ოლიგარქის ცნება არავითარ შემთხვევაში არ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს ერთი მარტივი მიზეზის გამო - კლასიკური დეფინიციის მიხედვით, ოლიგარქი არის ადამიანი, რომელსაც აქვს გარკვეული სოლიდური თანხა და ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში ან ფლობს გავლენას მედიაზე. ეს არის მთავარი კრიტერიუმები ამ მთავარი დეფინიციის, რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის არც პოლიტიკაშია ჩართული, არც მედიასთან დაკავშირებულ პროცესებში. არცერთი ფაქტი არ არსებობს, ბუნებრივია, ამ კუთხით. შესაბამისად, ოლიგარქის ცნება არ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ამ ცნების ქვეშ შეიძლება, ბუნებრივია, მოექცეს არაერთი ადამიანი, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან და მის მედიასაშუალებებთან.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. ქართული ოცნების ინიციატივით, პარლამენტში შეიქმნება ჯგუფი, რომელიც დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე იმუშავებს. 

კომენტარები