რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა სლავიანსკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს, დაიღუპა 4 ადამიანი

სლავიანსკი

რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ქალაქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვადიმ ლიახი ავრცელებს.

"ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ლიმანის მიკრორაიონს, ბარვენკოვსკაიას, პოდგორნაიას, დანილევსკის ქუჩებს, მშვიდობიან მოსახლეობას, სადაც სამხედრო ობიექტები არ არის. შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა. ასეთი ჭურვები შენობების ტოტალურ ნგრევას არ იწვევს, მაგრამ მოსახლეობისთვის ძალიან საშიშია". - თქვა ვადიმ ლიახმა.

მან ქალაქის მოსახლეობას მოუწოდა, მოერიდონ ქუჩებში გამოსვლასა და თავშეყრას.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები