საქართველოს პროკურატურამ კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი თავისუფლების უკანონო აღკვეთის და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
"დადგინდა, რომ კასპის მუნიციპალიტეტში ა.ხ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გერს, ოთხი თვის განმავლობაში არაადამიანურად ეპყრობოდა, ჩაკეტილი ჰყავდა საცხოვრებლად უვარგის მცირე ზომის სათავსოში, სადაც დაზარალებულს არ ჰქონდა სათანადო პირობები, არ იყო უზრუნველყოფილი მედიკამენტებით, მოვლით და კვებით, რის გამოც ანორექსია განუვითარდა" - აცხადებს პროკურატურა.
სამართალდამცველებმა ა.ხ 29 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ს 11 პრიმა 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ ) და 11 პრიმა 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.