არაადამიანური მოპყრობა

პატიმრების წამების ბრალდებით რუსთავის ციხის ყოფილი თანამშრომლები დააკავეს

ნეტგაზეთი

პროკურატურამ პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით, სასჯელაღსრულების რუსთავის N6 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ს.ხ., დირექტორის ყოფილი მოადგილე ლ.ბ. და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი რ.ჯ. დააკავა.

საქმე 2012 წლამდე მომხდარ შემთხვევებს ეხება - უწყების განცხადებით, ამ დრომდე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის #6 დაწესებულებაში პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას სისტემური ხასიათი ჰქონდა. 

პროკურატურის ცნობით, 2015 წლის 20 ოქტომბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეზე - „გეგენავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ დაადგინა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) პროცედურული ნაწილის დარღვევა პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, რის საფუძველზეც სახელმწიფომ ეფექტიანი გამოძიების ჩატარებაზე ვალდებულება აიღო.

"2006 წლის აგვისტო-სექტემბრის თვეში, დაწესებულების დირექტორმა, მისმა მოადგილემ და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსმა, საპყრობილის რეჟიმის დებულების სრული იგნორირებით, შეიმუშავეს მსჯავრდებულებთან მოპყრობის საკუთარი წესები მათი დასჯის, დაშინების და უსიტყვო მორჩილების მიზნით. დასახელებულ პირთა ორგანიზებით, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების თანამშრომლები მსჯავრდებულებს ეპყრობოდნენ დამამცირებლად და არაადამიანურად, აყენებდნენ ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში. ბრალდებულთა ორგანიზებით, პატიმრებს ართმევდნენ კანონით მინიჭებული პირადი ჰიგიენის ნივთებს, საწოლისთვის განკუთვნილ თეთრეულს, იძულებით აშიშვლებდნენ და მათი ნების საწინააღმდეგოდ შიშველ მდგომარეობაში ამწყვდევდნენ კარცერში, სადაც დაბალი ტემპერატურის მიუხედავად, გაუსაძლის მდგომარეობაში ამყოფებდნენ მრავალი დღის განმავლობაში. აღნიშნული სახის არაადამიანურ მოპყრობას რუსთავის #6 დაწესებულებაში ჰქონდა სისტემური ხასიათი და გამოიყენებოდა განურჩევლად, პატიმრების დასჯისა და დაშინების მიზნით.

2017 წლის 20 ნოემბერს, ამავე საქმეზე მთავარი პროკურატურის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად, პასუხისგებაში მიეცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის #6 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების სამი ყოფილი თანამშრომელი, რომლებიც ამ დანაშაულს ჩადიოდნენ. სამივე მათგანმა აღიარა დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, ამ ეტაპისთვის მათი ბრალდების საქმე არსებითად იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში".

პროკურატურა აცხადებს, რომ დაკავებულებს ბრალი უკვე წარედგინათ, მათ ასევე მიმართეს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით. 

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით (მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ დამცირება, არაადამიანური, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს მათ), რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ცნობით, უწყება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 27 სისხლის სამართლის საქმეს იძიებს. ყველა ეს დანაშაული 2012 წლამდე პერიოდშია ჩადენილი. 

უწყებისვე განცხადებით, 2017-2018 წლებში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 13 პირის მიმართ 5 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე.

კომენტარები