არაადამიანური მოპყრობა

მარნეულის მერი, თემურ აბაზოვი დააკავეს

reginfo.ge

მარნეულის მერი, თემურ აბაზოვი დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას მთავარ პროკურატურაში დაუდასტურეს.

უწყებაში არ ამბობენ კონკრეტულად რა მუხლით დააკავეს აბაზოვი. სავარაუდოდ, საგამოძიებო უწყება მას არაადამიანურ მოპყრობას ედავება. პრესსამსახურის განცხადებით, კონკრეტულ დეტალებზე დღეს, პროკურატურაში დაგეგმილ ბრიფინგზე ისაუბრებენ.

ბრიფინგის ზუსტი დრო ჯერ-ჯერობით უცნობია. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 12 ივნისს, სტუდია მონიტორმა გაავრცელა ვიდეო, რომლის მიხედვით, მარნეულში მცხოვრები მოქალაქე, რომელმაც ზაზა სარალიძის​ მხარდამჭერ აქციაზე ბიძინა ივანიშვილის და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის მისამართით შეიგინა, ძალადობის მსხვერპლი გახდა.

გინების შემდეგ, რამდენიმე დღეში მოქალაქემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ის ბოდიშს იხდის და სახეზე, სავარაუდოდ, შარდს ისვამს. სხვა ადამიანი, ვისაც კამერა უჭირავს, მას ეუბნება: "შენ ღირსება არ გაქვს". 

გავრცელებულ ვიდეოში მოქალაქე ამბობს: 

"დიდ ბოდიშს ვუხდი ყველას. დიდი მძღ...ი ვჭამე ჩემდაუნებურად. [კარნახობენ: თქვი 41, თქვი 41] 41. ვისაც ვაწყენინე 41-დან, მომ...ნ პირში. დიდ ბოდიშს ვიხდი, დიდი მძ...ი რომ ვჭამე", - ამბობს მოქალაქე.

სტუდია მონიტორთან ინტერვიუში მარნეულის მერმა, თემურ აბაზოვმა უარყო, რომ მან მოქალაქეზე რამე ტიპის ზეწოლა მოახდინა.

მთავარმა პროკურატურამ მარნეულში მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 144-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით - ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე დაიწყო. 

კომენტარები