რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ანდრიუშენკო: მარიუპოლში კიდევ ერთ მასობრივ სამარხში 100-მდე ცხედარია ნაპოვნი

REUTERS

მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრო ანდრიუშენკოს ცნობით, მარიუპოლში კიდევ ერთი მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს, სადაც 100-ზე მეტი ცხედარია ნაპოვნი.

"ახალი ძმათა სასაფლაო ლევობერეჟიეს ნანგრევების ქვეშ. კიევის ქუჩა 53. კვლავ 100-ზე მეტი ცხედარი თებერვლის ბოლოდან. გადასვენებებზე საუბარი ჯერ კიდევ არ მიმდინარეობს. ხალხი ფაქტობრივად სამარხებში აგრძელებს ცხოვრებას". - ამბობს ანდიუშენკო.

მისივე თქმით, მარიუპოლში ფაქტობრივად შეჩერებულია ექსჰუმაციაც.

"საოკუპაციო ხელისუფლება იმდენად არის გატაცებული აღდგენის სურათის შექმნით, რომ დაკრძალვისთვის არ სცალიათ. ქუჩაში მოწყობილი დროებითი საფლავები ნელ-ნელა მუდმივად იქცევა". - ამბობს ანდრიუშენკო.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები