ვატო წერეთელი

ქარტია წერეთელზე თავდასხმაზე: მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა

ვატო წერეთელი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია TV პირველის მფლობელზე, ვატო წერეთელზე ქართული ოცნების დეპუტატების თავდასხმას გმობს და მმართველ პარტიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს. 

ქარტია ასევე მოუწოდებს მმართველ გუნდს, გაემიჯნონ მათი წევრების ძალადობრივ ქმედებას, რათა შემდგომში კიდევ უფრო არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა. 

"ქარტიის შეფასებით, მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა განპირობებულია ერთი მხრივ, ჟურნალისტებზე ძალადობის გამოუძიებელი ფაქტებით და მეორე მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკით. მნიშვნელოვანია, რომ ძალადობრივი ქმედება არ გახდეს მედიის მისამართით დანაშაულის კიდევ უფრო მეტად წამახალისებელი".- აღნიშნულია განცხადებაში. 

TV პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთელის თქმით, მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატი აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე თავს დაესხა. მან ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილი დაასახელა. ვატო წერეთელმა აშშ-ს ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართა და ძალადობის ამსახველი კადრების გასაჯაროება სთხოვა. აშშ-ს საელჩოს განცხადებით, მათთვის ცნობილია დაპირისპირების შესახებ და ინფორმაციას სწავლობენ. 

კომენტარები