საქართველო-ევროკავშირი

კალაძე დროებით მთავრობაზე: ეს არის სრული სისულელე, აბსურდია

კახა კალაძე

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე სამოქალაქო მოძრაობა შინ ევროპისკენ მოთხოვნას, ეროვნული თანხმობით შეიქმნას დროებითი მთავრობა სისულელეს უწოდებს და ამბობს, რომ ეს არაკონსტიტუციური და ამავე დროს აბსურდია.

"ეს არის სრული სისულელე, აზრი არ აქვს შევიდეთ მაგ პოლიტიკაში. ეს არის ჩვეულებრივი სრული სისულელე, ამ სირტყვების სრული პასუხისმგებლობით. არაკონსტიტუციურია, არაკანონიერია, აბსურდია". - ამბობს კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბარისას.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა, 24 ივნისს გამართულ აქციაზე სამოქალაქო მოძრაობამ შინ ევროპისკენ საკუთარი მოთხოვნები წარადგინა: გადადგეს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას დროებითი მთავრობა, რომელიც ევროკავშირის მიერ წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო მოთხოვნებს შეასრულებს.

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს – არა. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებისგან შემდგარმა ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა 17 ივნისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაცია, რომელმაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად წინასწარი პირობები წაუყენა. ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პირობებს შორის დეოლიგარქიზაციაც შეიტანა.

კომენტარები