Tbilisi Pride

შსს ვალდებულია, დაიცვას მედია და Tbilisi Pride-ის მონაწილეთა უსაფრთხოება – მედიაკოალიცია

ტაბულა

მედიის ადვოკატირების კოალიცია Tbilisi Pride-ის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, დაიცვას მედია და Tbilisi Pride-ის მონაწილეთა უსაფრთხოება.

"ყველასთვის ცნობილია, რომ პრაიდის დემონსტრაციები LGBTQ თემის პოლიტიკური ადვოკატირების იარაღი გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების შესაძლებლობაა, როცა თემი აჟღერებს საკუთარ საჭიროებებს, ხაზს უსვამს მიღწევებს. თემის წევრებს და მათ მხარდამჭერებს ეძლევათ შესაძლებლობა ქუჩაში გამოვიდნენ თანასწორობის მისაღწევად.

ვფიქრობთ, ღონისძიებების გამართვას კვლავაც უქმნიან საფრთხეს ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები – ისევ საჯაროდ მოუწოდებენ საზოგადოებას ძალადობისკენ". – ნათქვამია განცხადებაში.

მედიაკოალიციის განცხადებით, უმცირესობების უფლებების დაცვა და აღიარება საერთო პასუხისმგებლობას წარმოადგენს. დისკრიმინაციის და ძალადობის შეჩერება კი სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებაა.

"2021 წლის 5 და 6 ივლისის გამოცდილებამ აჩვენა, რომ სახელმწიფო გულგრილად ეპყრობა უმცირესობის უფლებებს, რაც შესაძლებლობას უქმნის მოძალადე ჯგუფებს გააძლიერონ და გაიმეორონ თავდასხმები როგორც აქტივისტების, ისე მედიის წარმომადგენლების მიმართ". – ნათქვამია განცხადებაში.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს თავიდან აირიდოს 2021 წელს დაშვებული შეცდომები, მიიღოს ეფექტიანი ზომები, რათა:

  • უზრუნველყოს თბილისი პრაიდის აქტივისტთა უსაფრთხოება;
  • დაიცვას მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელისშეშლისაგან;
  • ჰქონდეს დროული და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ძალადობრივ მოწოდებებსა და შუღლის გაღვივების ყველა მცდელობაზე.

26 ივნისს Tbilisi Pride-მა საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვა, დაიცვას კვირეულის თითოეული მონაწილის უსაფრთხოება. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ყველა ღონისძიება დახურულ სივრცეში გაიმართება და არ ჩატარდება ღირსების მარში, თუმცა პუტინისტური ჯგუფებისგან მუქარა არ წყდება.

კომენტარები