რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა 1918 წლის შემდეგ საგარეო ვალზე პირველი დეფოლტი განიცადა – BLOOMBERG

ვლადიმირ პუტინი

Bloomberg-ის ინფორმაციით, 1918 წლის შემდეგ რუსეთმა საგარეო ვალზე პირველი დეფოლტი განიცადა, რადგან სანქციების გავლენით, რუსეთი უცხოელ კრედიტორებს ვალს ვეღარ უხდიდა. 

რუსეთს სახელმწიფო ობლიგაციების $100 მილიონის პროცენტის გადახდის საშეღავათო პერიოდის ბოლო ვადა 26 ივნისს საღამოს ამოეწურა

დეფოლტი აღებული ვალების ვერ, ან არდაბრუნებას ნიშნავს. როდესაც ქვეყანა დეფოლტს აცხადებს, მისი საკრედიტო რეიტინგი მინიმუმამდე ეცემა და კაპიტალი შემოდინების ნაცვლად, გადინებას იწყებს.

დეფოლტი მანიშნებელია იმისა, რომ ქვეყანა ეკონომიკურ, ფინანსურ და პოლიტიკურ იზოლირებას განიცდის. ცენტრალური ბანკის საგარეო რეზერვები გაყინულია და უმსხვილესი ბანკები კი გლობალური ფინანსური სისტემებიდან მოწყვეტილი. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ რუსეთის ეკონომიკურ მდგომარეობას, დეფოლტი სიმბოლურია, რადგან ქვეყანა ორნიშნა ინფლაციასა და ეკონომიკურ ვარდნას ებრძვის. 

"დეფოლტის გამოცხადება სიმბოლური მოვლენაა, რადგან რუსეთის მთავრობამ დოლარში დენომინირებული ვალის გაცემის შესაძლებლობა უკვე დაკარგა. რუსეთს საგარეო ვალის აღება აღარ შეუძლია". - თქვა იაპონელმა ეკონომისტმა, ტაკაჰიდე კიუჩიმ. 

გასულ კვირას, რუსეთის ცნობით, ქვეყანამ გადასახადი რუბლში გადარიცხა, მიუხედავად იმისა, რომ მოცემული ობლიგაციები გადახდის ამ ფორმას არ ითვალისწინებს - ხელშეკრულების მიხედვით, ტრანზაქციები აუცილებლად დოლარის ვალუტაში უნდა განხორციელდეს.

დეფოლტს ფორმალურად, როგორც წესი, გლობალური სარეიტინგო ორგანიზაციები აცხადებენ, თუმცა სანქციების გამო მათ რუსეთთან ურთიერთობა ეკრძალებათ. ობლიგაციების დოკუმენტების მიხედვით, თუ ვადაგადაცილებული ობლიგაციების 25%-ის მფლობელები შეთანხმდება, რომ დეფოლტი მოხდა, მაშინ ეს ოფიციალურად გამოცხადდება.

რუსეთის ფინანსთა მინისტრმა, ანტონ სილუანოვმა ვითარებას "ფარსი" უწოდა და აღნიშნა, რომ დასავლეთის მიზანი რუსეთისთვის "დეფოლტის იარლიყის" მიწებებაა.

კომენტარები