საქართველო-ევროკავშირი

"მიუღებელია განცხადება, რომელმაც ამ დარბაზში ივანიშვილი შეურაცხყო" – ჩიქოვანი PACE-ს ასამბლეაზე

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (PACE) სიტყვით გამოსვლისას ქართული ოცნების დეპუტატმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა მიუღებელი და შეურაცხმყოფელი უწოდა იმ განცხადებას, რომელიც უკრაინელი პოლიტიკოსის მხრიდან რამდენიმე დღის წინ იმავე დარბაზში ბიძინა ივანიშვილის შესახებ გაკეთდა.

ჩიქოვანმა, სავარაუდოდ, უკრაინის რადის დეპუტატის, ოლეკსეი გონჩარენკოს გამოსვლა იგულისხმა, რომელმაც ორგანიზაციის წევრებს მოუწოდა, არ დაუშვან, რომ "ქართველი ხალხი ერთი ოლიგარქის მძევალი იყოს".

"ქართულ პოლიტიკაში ჩვენ გაგვაჩნია მტკიცე პოზიცია, რომ ჩვენ არ შევდივართ დებატებში ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ურთულეს მდგომარეობაში არიან. თუმცა მიუღებელია ის განცხადება, რომელიც ამ დარბაზში გაკეთდა რამდენიმე დღის წინ და რომელმაც შეურაცხო თანამედროვეობის გამორჩეული ფილანთროპი საქართველოში, ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ადამიანი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა პოლიტიკაში ყოფნის დროს საკუთარ თავზე აიღო ტოტალიტარიზმის დამარცხება, იბრძოლა ქართველი ხალხის ღირსებისა და და მშვიდობისთვის". – თქვა ირაკლი ჩიქოვანმა.

საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას ირაკლი ჩიქოვანმა ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლების მსგავსად კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველო მოწინავე რეფორმატორი ქვეყანაა, ხოლო უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი გეოპოლიტიკური ვითარების გამო მიიღეს.

"ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ გადაწყვეტილება არ იყო მიღებული მიმდინარე რეფორმების წარმატების შეფასების საფუძველზე, არამედ მიღებული იყო იმ პოლიტიკურ კონტექსტში, რომელიც გამოწვეულია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომით. ჩვენ გვესმის, რომ ეს მომენტუმია და არსებული სიტუაცია გამოწვეულია გეოპოლიტიკური მდგომარეობით. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ საქართველო ყოველთვის მოწინავე იყო ყველა სფეროში ყველა რეფორმის გატარებაში". – თქვა ჩიქოვანმა.

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს – არა. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებისგან შემდგარმა ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა 17 ივნისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაცია, რომელმაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად წინასწარი პირობები წაუყენა. ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პირობებს შორის დეოლიგარქიზაციაც შეიტანა.

კომენტარები