საქართველო-ევროკავშირი

"მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც" – გონჩარენკო ევროპის საბჭოს ასამბლეაზე

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა, ოლეკსეი გონჩარენკომ ევროპის საბჭოს საპარალამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად საქართველოსაც მიანიჭონ.

"მივმართავ ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, კვირის ბოლოს ევროკავშირის სამიტი გაიმართება. გთხოვთ, დაუჭირეთ მხარი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, გთხოვთ, დაუჭირეთ მხარი მოლდოვას, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატს. დიახ, საქართველოს ახლა პრობლემები აქვს, მაგრამ გთხოვთ, არ დაუშვათ, რომ ქართველი ხალხი ერთი ოლიგარქის მძევალი იყოს.

ძვირფასო ძმებო, ჩვენ მხარი უნდა დაგიჭიროთ და უნდა ვთქვათ, რომ ქართველი ხალხი ევროპაში უნდა იყოს. მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც. მომდევნო კვირაში, NATO-ს სამიტი იქნება და მინდა მივმართო თურქეთს, გთხოვთ, დაუჭირეთ მხარი ფინეთს და შვედეთს. მივმართავ NATO-ს ყველა წევრ სახელმწიფოს, გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ უკრაინას და საქართველოს და მოგვეცით გაწევრიანების სამოქმედო გეგმა. ჩვენ ერთიანები უნდა ვიყოთ". – თქვა გონჩარენკომ.

23-24 ივნისის სამიტზე ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერები განიხილავენ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს განაცხადებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. სამიტზე ქვეყნების ოფიციალურად მიწვევის ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა თქვა, რომ დროა, ბლოკის ქვეყნებმა აღიარონ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა, თუმცა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას მხოლოდ უკრაინა და მოლდოვა ახსენა.

17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, საქართველოსთვის კი წინასწარი პირობები წააყენა. საქართველომ ამ ეტაპზე მხოლოდ ევროპული პერსპექტივა მიიღო.

კომენტარები