რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ს მოქალაქის დაღუპვა დაადასტურა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ის მოქალაქის, სტეფან ზაბელსკის უკრაინაში დაღუპვის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. განცხადების მიხედვით, ამერიკელი მაისის შუა რიცხვებში, უკრაინის ომში ბრძოლისას დაიღუპა. 

"ჩვენ ვადასტურებთ აშშ-ის მოქალაქის, სტეფან ზაბელსკის უკრაინაში დაღუპვას. დავუკავშირდით ოჯახს და ყველა საჭირო საკონსულო დახმარება გავუწიეთ. ჩვენი პატივისცემა ოჯახს ასეთ რთულ დროს". – თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა. 

გაზეთ რეკორდერის მიერ 1 ივნისს გავრცელებული ნეკროლოგის მიხედვით, ზაბელსკი 15 მაისს, უკრაინის სოფელ დოროჟნიანკაში ბრძოლისას დაიღუპა. ის 52 წლის იყო და მას ცოლი და 5 შვილი დარჩა.

სტეფან ზაბიელსკი მეორე ამერიკელია, რომელიც უკრაინაში ბრძოლისას დაიღუპა. აშშ-ს საზღვაო ძალების ვეტერანი, ვილი ქენსელი აპრილში, უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად ბრძოლისას დაიღუპა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები