პოლონეთი

პოლონეთის ვიცეპრემიერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ სამთავრობო თანამდებობები დატოვა

პოლონეთის ვიცეპრემიერი, იაროსლავ კაჩინსკი

პოლონეთის ვიცეპრემიერმა და პარტია კანონი და სამართალის ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ სამთავრობო თანამდებობები დატოვა. 

"ამ მომენტში, აღარ ვარ მთავრობაში [...] უკვე გადავეცი განაცხადი პრემიერმინისტრს და ის უკვე დამტკიცებულია. რამდენადაც ვიცი, პრეზიდენტმაც მოაწერა ხელი". – თქვა კაჩინსკიმ. 

კაჩინსკი ასევე მთავრობის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხების კომიტეტების თავჯდომარე იყო. მისი თქმით, ამ პოზიციებს ეროვნული თავდაცვის მინისტრი, მარიუშ ბლაშჩაკი დაიკავებს. 

კაჩინსკიმ მანამდე მიანიშნა, რომ სამთავრობო თანამდებობების დატოვება სურდა, რათა კონცენტრირებულიყო პარტიასა და მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე.

"გადავწყვიტე, საჭიროა, ვკონცენტრირდე ისეთ საკითხებზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია პოლონეთის მომავლისთვის. მე არ ვაჭარბებ ჩემს როლს, მაგრამ პარტია უნდა დარჩეს ძლიერი, რადგან ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დრო ახლოვდება". – თქვა კაჩინსკიმ. 

კონსერვატიული კანონი და სამართალი ხელისუფლებაში 2015 წლიდანაა, თუმცა კაჩინსკი მთავრობას მხოლოდ 2020 წლის ოქტომბერში შეუერთდა. 

2006-2007 წლებში კაჩინსკი პრემიერმინისტრის თანამდებობას იკავებდა. მისი ტყუპი ძმა, ლეხ კაჩინსკი, 2005-2010 წლებში პოლონეთის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. 2010 წელს, რუსეთში გადაფრენისას მისი თვითმფრინავი ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 96-ვე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის პრეზიდენტი და პირველი ლედი.

კომენტარები