რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კარპენტერი: ერთადერთი დადებითი მოვლენა ისაა, რომ ამჟამად რუსეთი სრულად იზოლირებულია

აშშ-ს ელჩი ეუთოში, მაიკლ კარპენტერი

ეუთოში აშშ-ს ელჩის, მაიკლ კარპენტერის თქმით, აშშ უკრაინას მხარს გამარჯვებამდე დაუჭერს, ხოლო რუსული აგრესიის შეჩერების შემდეგ, კიევმა არაეფექტიანი ოლიგარქიული სტრუქტურების შეცვლა და აღდგენა უნდა შეძლოს.

კარპენტერის სიტყვებით, დასავლეთის მთავარი შეცდომა იმის დაჯერება იყო, რომ მოდერნიზაცია და რუსეთთან ეკონომიკური ინტეგრაცია მოსკოვს ადეკვატურ საერთაშორისო მოთამაშედ აქცევდა. 

"სანქციების საფრთხის მიუხედავად, რუსეთმა საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვია. მოლაპარაკებებმა, რომლებმაც NATO-ს გაფართოება, ან უკრაინაში განვითარებული მოლაპარაკებები გამოიწვია, რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებებზე ვერ იმოქმედეს.

ერთადერთი დადებითი მოვლენა, რომელსაც ამ სიტუაციაში ვხედავ არის ის, რომ რუსეთი სრულად იზოლირებულია. რუსეთის უკრაინაში შეჭრას არცერთი ქვეყანა არ ამართლებს - ზოგიერთს დუმილი ურჩევნია, თუმცა რუსეთს არავინ იცავს". - თქვა კარპენტერმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები