რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაიდაი: სევეროდონეცკში მდებარე ქარხანა აზოტიდან მოსახლეობის ევაკუაცია ამჟამად შეუძლებელია

სერგეი გაიდაი

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის თქმით, სევეროდონეცკში მდებარე ქარხანა აზოტიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ამჟამად შეუძლებელია. ამის შესახებ გაიდაი სოციალურ ქსელებში წერს.

გაიდაის ცნობით, ქარხანა აზოტის ტერიტორიას 568 მშვიდობიანი მოქალაქე აფარებს, მათ შორის 38 ბავშვი. მისი თქმით, ევაკუაციის დროს საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში მათი "99% დაიღუპება".

"მათი გამოყვანა მხოლოდ ცეცხლის სრულად შეწყვეტის შემთხვევაში გახდება შესაძლებელი". -  წერს გაიდაი.

პარალელურად გაიდაი აღნიშნავს, რომ სევეროდონეცკი ალყაში მოქცეული არ არის, ქალაქთან კომუნიკაცია ხერხდება და სხვა უკრაინის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებზე მიმოსვლა შესაძლებელია.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები