რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა ნიკოლაევი დაბომბეს – დაიღუპა 1 ადამიანი, დაშავებულებს შორის კი 1 ბავშვია

17 ივნისს, გამთენიისას რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ნიკოლაევის ოლქი დაბომბეს. რუსების სარაკეტო იერიშებს 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 6 კი დაშავდა, რომელთაგან 1 ბავშვია. აგრეთვე, დაზიანდა 4 მრავალსართულიანი კორპუსი და ინფრასტრუქტურული ობიექტები. ამის შესახებ ინფორმაცია ნიკოლაევის ოლქის გუბერნატორმა, ვიტალი კიმმა გაავრცელა.

ამ დროისთვის, ადგილზე მაშველები და ექიმები მუშაობენ, დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები