ბორჯომი

ხოშტარია: სანქცირებული ფრიდმანი რჩება ბორჯომის მეწილედ და ყველაზე მეტი ფული მას შესდის

დროას დამფუძნებლის ელენე ხოშტარიას თქმით, საქართველოს მთავრობამ სანქცირებული რუსი ბიზნესმენისგან ბორჯომის აქციების 7.73%-იანი წილი შეისყიდა, თუმცა, 49.89% ისევ მიხეილ ფრიდმანს დაუტოვა. ხოშტარია აღნიშნავს, რომ ფაქტობრივად, სახელმწიფო შევიდა გარიგებაში სანქცირებულ პირთან და დღემდე, მიხეილ ფრიდმანს შესდის ბორჯომიდან უდიდესი შემოსავალი. დროას დამფუძნებელს აინტერესებს, რატომ შეისყიდა სახელმწიფომ წილის ზუსტად იმდენი პროცენტი, რომ ფრიდმანი საკონტროლო პაკეტს ჩამოსცილებოდა. მისი შეფასებით, ეს ჰგავს სანქციებიდან თავის არიდების გარკვეულ მცდელობას, რომ ფორმალურად, ერთადერთი მფლობელი არ იყოს მიხეილ ფრიდმანი. თუმცა, ხოშტარიას თქმით, სანქცირებული ბიზნესმენი რჩება უდიდეს მეწილედ და ბორჯომისგან ყველაზე მეტი ფული მას შესდის.

"მოგიყვებით, რა გარიგებასთან გვაქვს საქმე. ასევე, შეგახსენებთ, რომ იმედის პროპაგანდისტი ირაკლი რუხაძე არის ასევე ბორჯომის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ანუ ისიც მონაწილეობს ამ გარიგებაშიც, რომელშიც პრაქტიკულად ღიად მონაწილეობს სახელმწიფო.

კომპანია ბორჯომის 57,72%-ის მფლობელი იყო მიხეილ ფრიდმანი, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, დაასანქცირეს, შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოსგან ამაზე მოთხოვნილი იყო რეაგირება. როგორც ნორმალურ ქვეყნებში ხდება, მსგავსი სანქცირებული პირი თეთრს არ უნდა იღებდეს მსგავსი ბიზნესიდან, ამის ნაცვლად, სახელმწიფომ მისგან შეისყიდა 7.73%-იანი წილი, თუმცა, 49.89% მიხეილ ფრიდმანს დაუტოვა.

ფაქტობრივად, სახელმწიფო შევიდა გარიგებაში სანქცირებულ პირთან და დღემდე მიხეილ ფრიდმანს შესდის ბორჯომიდან უდიდესი შემოსავალი. ეს ინფორმაცია არის საჯარო, ამაზე საუბრობდა მთავრობის სხდომაზე ერთ-ერთი მინისტრი და ინფორმაცია ამის შესახებ ქართულ პრესაშიც გავრცელდა. რა თქმა უნდა, ამ საკითხს სჭირდება კარგად შესწავლა. ჩვენ ყველაფერს გადავცემთ ჩვენს პარტნიორებს, იმიტომ, რომ  მაშინ, როდესაც ამ ფულით ფინანსდება სისხლიანი კამპანია, ადამიანების ხოცვა უკრაინაში, სანქცირებული პირი, ფრიდმანი ქართული ბორჯომიდან ფულს არ უნდა იღებდეს" - თქვა ხოშტარიამ 16 ივნისს გამართულ ბრიფინგზე.


პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 13 ივნისის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ მთავრობამ დაასრულა მოლაპარაკებები და კომპანია ბორჯომის მმართველი ჯგუფის აქციონერი, ანუ კომპანიის თანამფლობელი გახდება. ღარიბაშვილის თქმით, აქციები სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცა.

"ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები ბორჯომის აქციონერებთან და ჩვენი სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა გახდება აქციონერი იმ ჯგუფის, რომელიც არის ბორჯომის ქარხნის მეპატრონე. ეს არის უსასყიდლო გარიგება. ჩვენ უსასყიდლოდ გადმოგვეცემა აქციები და ამის შემდეგ ჩვენი სახელმწიფო გახდება ბორჯომის ქარხნის, ჩვენი ეროვნული სიმდიდრის, სიამაყის თანამფლობელი. ყველა ის პრობლემა, რომელიც ბორჯომს და მის თანამშრომლებს ჰქონდათ ოპერირებაში, მართვაში, ზოგადად ფუნქციონირებაში, იქნება მოხსნილი. აღნიშნული საკითხი შევათანხმეთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რეგულატორებთანაც გვქონდა კონსულტაციები დიდ ბრიტანეთში და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს გარიგება გაფორმდა საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით". – თქვა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

2022 წლის აპრილში კომპანია ბორჯომმა სანქციების გამო წარმოება დროებით შეაჩერა. კომპანიის განცხადებით, მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ ძირითად სარეალიზაციო ბაზარზე შექმნილი რთული ვითარებაა, რასაც ემატება საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა.

IDS ბორჯომის საკონტროლო პაკეტს Alfa Group-ი ფლობს. Alfa Group-ის დამფუძნებელი კი რუსი სანქცირებული მილიარდერი, მიხაილ ფრიდმანია. Alfa Group მოიცავს რუსულ კერძო ბანკს, Alfa Bank-სა და 7 კომპანიას. მასში IDS Borjomi International-იც შედის.

კომენტარები