ბორჯომი

ღარიბაშვილი: დავასრულეთ მოლაპარაკებები – სახელმწიფო გახდება ბორჯომის თანამფლობელი

ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობამ დაასრულა მოლაპარაკებები და კომპანია ბორჯომის მმართველი ჯგუფის აქციონერი, ანუ კომპანიის თანამფლობელი გახდება. ღარიბაშვილის თქმით, აქციები სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცა.

"ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები ბორჯომის აქციონერებთან და ჩვენი სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა გახდება აქციონერი იმ ჯგუფის, რომელიც არის ბორჯომის ქარხნის მეპატრონე. ეს არის უსასყიდლო გარიგება. ჩვენ უსასყიდლოდ გადმოგვეცემა აქციები და ამის შემდეგ ჩვენი სახელმწიფო გახდება ბორჯომის ქარხნის, ჩვენი ეროვნული სიმდიდრის, სიამაყის თანამფლობელი. ყველა ის პრობლემა, რომელიც ბორჯომს და მის თანამშრომლებს ჰქონდათ ოპერირებაში, მართვაში, ზოგადად ფუნქციონირებაში, იქნება მოხსნილი. აღნიშნული საკითხი შევათანხმეთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რეგულატორებთანაც გვქონდა კონსულტაციები დიდ ბრიტანეთში და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს გარიგება გაფორმდა საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით". – თქვა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

პრემიერმინისტრმა ასევე ისაუბრა კომპანია ბორჯომის გაფიცულ თანამშრომლებზე და აღნიშნა, რომ მათი ყველა სამართლიანი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

"მას შემდეგ, რაც სახელმწიფო გახდება ბორჯომის საწარმოს თანამფლობელი, რა თქმა უნდა, უფრო აქტიურად მოგვიწევს, ჩავერთვებით და ყველა პრობლემას მოვაგვარებთ. მინდა ჩვენს თანამოქალაქეებს მივმართო, რომ არცერთი არ დარჩება სიმართლის გარეშე, არცერთი მოქალაქე არ დაიჩაგრება, არცერთი თანამშრომელი ჩვენი ბორჯომის, ჩვენი მართლაც ეროვნული სიმდიდრის. [...] მათი ყველა სამართლიანი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, არ უნდა იყოს ხმაური და განცდა არ უნდა ჰქონდეს არავის, რომ იქ ვინმე იჩაგრება". – თქვა ღარიბაშვილმა.

2022 წლის აპრილში კომპანია ბორჯომმა სანქციების გამო წარმოება დროებით შეაჩერა. კომპანიის განცხადებით, მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ ძირითად სარეალიზაციო ბაზარზე შექმნილი რთული ვითარებაა, რასაც ემატება საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა.

IDS ბორჯომის საკონტროლო პაკეტს Alfa Group-ი ფლობს. Alfa Group-ის დამფუძნებელი კი რუსი სანქცირებული მილიარდერი, მიხაილ ფრიდმანია. Alfa Group მოიცავს რუსულ კერძო ბანკს, Alfa Bank-სა და 7 კომპანიას. მასში IDS Borjomi International-იც შედის.

კომენტარები