Georgian Times

GEORGIAN TIMES-ის ჟურნალისტი წერს, რომ ხაინდრავასთან დაპირისპირების შემდეგ გაათავისუფლეს

Georgian Times-ის ჟურნალისტი, მიშიკო გოგილავა წერს, რომ მთავრობის პროპაგანდისტთან, რეჟისორ გოგა ხაინდრავასთან კრიტიკული ინტერვიუს შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს.   

გოგა ხაინდრავა ჟურნალისტს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც გოგილავამ მას კითხვები ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსსა და ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებებზე დაუსვა. ინტერვიუ ხაინდრავამ შეწყვიტა. 

"გოგა ხაინდრავა რომ თავისუფლებას არ უდრის ეს ყოველთვის ვიცოდი. მაგრამ, თუ კრიტიკული კითხვების დასმა სამსახურის დაკარგვას უდრიდა არ წარმომედგინა იქ, სადაც ვმუშაობდი, რადგან სტრიმში ყოველთვის გვქონდა პრეტენზია რომ ობიექტურად ვაშუქებდით იმას რაც საოგადოებას აწუხებს". - წერს გოგილავა. 

ხაინდრავა Georgian Times-ის ეთერში 13 ივნისს ჩაერთო, ჟურნალისტს კითხვები ჰქონდა მის პოზიციასთან დაკავშირებით - მთავრობის პროპაგანდისტი ამბობს, რომ "კანდიდატობა აბსოლუტურად გაუგებარი და არაფრისმთქმელი ფორმაა".  

ჟურნალისტმა ხაინდრავას ჰკითხა, მისი ეს განცხადება "შეურაცხყოფა ხომ არ არის იმ ქვეყნისა და ხალხის მისამართით, რომელმაც ომი გამოიარა და ჯარისკაცებმა ჩვენი ევროპული გზისკენ უწყვეტი სვლისთვის საკუთარი სიცოცხლე დადეს".  

ხაინდრავამ ჟურნალისტს უთხრა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ჯარისკაცების დაღუპვა ერთმანეთთან კავშირში არ არის და, მისივე სიტყვებით, "სანამ კითხვას რესპონდენტს დაუსვამ, უნდა გაიაზრო".  

"შენ ნაციონალური მოძრაობის წევრი ხომ არ ხარ, ჩემო კარგო, ან ლაკა ხოშტარიას... მე რაღაცნაირი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ასეა. [...] ნაციონალური მოძრაობის ნარატივში ზიხარ, ზუსტად ისე დასვი კითხვა, როგორც ისინი სვამენ, ისიც არ გაქვს გააზრებული ამხელა კაცს, როცა ეთერში ზიხარ, რომ შეურაცხყოფა ჩვენი ქვეყნისთვის არის ის, რაც ხდება - რასაც არესტოვიჩი აცხადებს, რასაც არახამია აცხადებს, შენი შუერაცხყოფაა, შენი შვილების, შენი ოჯახის, ჩემი ოჯახის და ჩემი შვილების". - უთხრა ხაინდრავამ ჟურნალისტს. 

გოგა ხაინდრავამ ინტერვიუ მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ჟურნალისტმა მას კითხვა ქართული ოცნების თავჯმდომარე ირაკლი კობახიძეზე დაუსვა და თქვა, რომ ის ევროპარლამენტარებს თავს ესხმოდა. 

"კარგად იყავი, რა, შენ, ძმაო, ნაციონალური მოძრაობის წევრი ყოფილხარ". - მიმართა მან ჟურნალისტს. 

გოგილავა წერს, რომ ჩანაწერი ტელეკომპანიამ Facebook-გვერდიდან წაშალა.

კომენტარები