რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს – 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქი დაბომბეს. რუსების იერიშის შედეგად, 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 4 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პავლო კირილენკომ გაავრცელა.

"რუსები მშვიდობიან მოქალაქეებს კლავენ. ომის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან დღემდე, რუსულ ბომბებს დონეცკის ოლქში ჯამში 500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ყველა, ვინც ომის დანაშაული ჩაიდინა, დაისჯება". - წერს კირილენკო.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები