რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დონბასის ბრძოლა ყველაზე სასტიკია, რაც ევროპას უნახავს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ სევროდონეცკისთვის ბრძოლა ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ბრძოლა, რომელიც ევროპას უნახავს.  

"ჩვენთვის ადამიანური დანაკარგი ამ ბრძოლაში ძალიან დიდია - ეს, უბრალოდ, შემზარავია. ეჭვგარეშეა, რომ დონბასისთვის ბრძოლა სამხედრო ისტორიაში დარჩება, როგორც ყველაზე ძალადობრივი ბრძოლა ევროპაში". - თქვა მან. 

ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მიმართა პარტნიორ ქვეყნებს, რათა უკრაინას იარაღი მიაწოდონ. 

"ჩვენ აბსოლუტურ ბოროტებას ვუმკლავდებით. სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ წინ ვიაროთ და ჩვენი ტერიტორიები გავათავისუფლოთ". - ამბობს ის. 

ზელენსკის თქმით, დასავლეთის ქვეყნების მიერ იარაღის მიწოდება უკრაინას უპირატესობას მისცემს და უზრუნველყოფს დონბასში "რუსული წამების" დასრულებას. 

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ამბობს, რომ უკუპანტებმა სევეროდონეცკიდან გასასვლელი სამივე ხიდი გაანადგურეს. მისივე სიტყვებით, რუსეთს ქალაქი სრულად დაპყრობილი არ აქვს და უკრაინელები სევეროდონეცკის ნაწილს კვლავ აკონტროლებენ.  

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები