რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა დნიპროპეტროვსკის ოლქი დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, დნიპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ზელენოდოლსკის ცენტრი და სოფლები დაბომბეს. რუსებმა იერიში ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემით მიიტანეს. ოკუპანტების თავდასხმას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია დნიპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვალენტინ რეზნიჩენკომ გაავრცელა.

"რუსები დნიპროპეტროვსკის რეგიონს ინტენსიურად უტევდნენ. მტერმა ქალაქი ზელენოდოლსკის საცხოვრებელი უბნები ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემით დაბომბა. დაზიანდა სახლებიც". - წერს რეზნიჩენკო.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები