რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა არტილერიის დახმარებით უკრაინული ძალები სევეროდონეცკის ცენტრიდან უკუაქციეს

სევეროდონეცკში მძიმე ბრძოლები გრძელდება. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა, არტილერიის დახმარებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ქალაქის ცენტრიდან უკუაქციეს.

"სევეროდონეცკის მიმართულებით მტერი, არტილერიის დახმარებით, აწარმოებდა თავდასხმით ქმედებებს ქალაქ სევეროდონეცკში, მიაღწიეს ნაწილობრივ წარმატებას, ქალაქის ცენტრიდან უკუაქციეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები, საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. არტილერიით ცეცხლს უხსნიდნენ თავდაცვის ძალების პოზიციებს ლისიჩანსკის, სევეროდონეცკისა და ტოშკივკას დასახლებული პუნქტების რაიონებში". – წერია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, დონეცკის მიმართულებით, ოკუპანტები ფოკუსირებული არიან თავდასხმით მოქმედებებზე და მიზნად ისახავენ სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკში მყოფი უკრაინელი სამხედროების ალყაში მოქცევას, ბახმუტიდან მომავალი მომარაგების გზების გადაკეტვას.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები