რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხარკოვში დანარკების გამო, რუსი სამხედროები ბრძოლაზე უარს ამბობენ – უკრაინის გენშტაბი

Alexander Ermochenko/Reuters

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით,  საოკუპაციო ძალების იძულების მიუხედავად, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან მობილიზებული ქვედანაყოფები საომარ მოქმედებაში მონაწილეობაზე უარს ამბობენ.

ამასთანავე, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ხარკოვის რეგიონებში უკრაინელ დამცველებთან ბრძოლის დროს მიღებული დანაკარგების გამო, პირველი არმიის კორპუსის მოტორიზებული ქვეითმა ქვედანაყოფმა სრულიად თქვა უარი საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე.

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკსა და ლუგანსკში შვიდი თავდასხმა მოიგერია. ჯარისკაცებმა ჯავშანტექნიკა და საბრძოლო მასალა გაანადგურეს, მათ შორის ათი ტანკი, შვიდი საარტილერიო სისტემა, ოთხი ჯავშანტექნიკა, ოთხი საბრძოლო მანქანა და საბრძოლო მასალა. საჰაერო თავდაცვის დაჯგუფებამ კი ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი Orlan-10 ჩამოაგდო .

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები