რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი ქართულ ჰაკერულ ჯგუფს კიბერთავდასხმებში ადანაშაულებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რამდენიმე ქვეყნის ჰაკერულ ჯგუფებს, მათ შორის ქართულს, კიბერთავდასხმებში ადანაშაულებს.

რუსეთის საგარეო უწყების ბრალდებით, მათ წინააღმდეგ გააქტიურებულია 22 ჰაკერული ჯგუფი აშშ-დან, უკრაინიდან, პოლონეთიდან და საქართველოდან.

"რუსეთის წინააღმდეგ უკანონო ოპერაციებში ჩართულია 22 ჰაკერული ჯგუფი, ყველაზე აქტიურებია IT-army of Ukraine (უკრაინა), GhostClan (აშშ), GNG (საქართველო), Squad303 (პოლონეთი)". – ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილების დირექტორი, ანდრეი კრუტსკიხი. 

კრუტსკიხის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ მაისში მოწყობილ კიბერთავდასხმებში მონაწილეობდა 65 000-ზე მეტი ჰაკერი.

"2022 წლის მაისი მდგომარეობით, ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკული ინფორმაციული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, მათ შორის Rutube-ის ვიდეოჰოსთინგზე კოორდინირებულ DDoS თავდასხმებში მონაწილეობდა 65 ათასზე მეტი ჰაკერი აშშ-დან, თურქეთიდან, საქართველოდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან. თავდასხმების ქვეშ იყო სახელმწიფო დაწესებულებები, კრიტიკული და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები, ჩვენი მოქალაქეებისა და რუსეთში მცხოვრები უცხოელების პირადი მონაცემების საცავები". – აღნიშნა კრუტსკიხმა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთზე კიბერთავდასხმების შემთხვევები გაიზარდა.

ჰაკერული თავდასხმები თავად რუსეთის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. 

კომენტარები