საბერძნეთი-თურქეთი

ერდოღანი საბერძნეთის პრემიერზე: ის ჩემთვის აღარ არსებობს, აღარასდროს შევხვდები

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა  საბერძნეთის პრემიერმინისტრი, კირიაკოს მიცოტაკისი დაადანაშაულა, რომ მან აშშ-ში ვიზიტის დროს თურქეთისთვის F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მიყიდვა დაბლოკა. ერდოღანის თქმით, მიცოტაკისი მისთვის "აღარ არსებობს".

"შეთანხმებული ვიყავით, რომ მასთან დავაში მესამე სახელმწიფოები არ ჩაგვერთო. ამისდა მიუხედავად, გასულ კვირას ის აშშ-ში ჩავიდა, ესაუბრა კონგრესს და გააფრთხილა ისინი, რომ ჩვენთვის F-16-ები არ მოეცათ". – თქვა ერდოღანმა. 

ერდოღანის თქმით, ის აღარასდროს დათანხმდება საბერძნეთის პრემიერმინისტრთან შეხვედრას.

"ის ჩემთვის აღარ არსებობს. აღარასდროს დავთანხმდები მასთან შეხვედრას. ჩვენს გზას ღირსეულ პოლიტიკოსებთან ერთად განვაგრძობთ". – აღნიშნა ერდოღანმა. 

თურქეთსა და საბერძნეთს, რომლებიც NATO-ს წევრები არიან, გარკვეული უთანხმოებები აქვთ საზღვაო საზღვართან, საჰაერო სივრცესთან და კვიპროსის საკითხთან დაკავშირებით.

მიცოტაკისმა გასულ კვირაში აშშ-ს პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრის დროს თქვა, რომ საბერძნეთი 2030 წლისთვის F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების შესყიდვის პროცესს დაიწყებდა.

ერდოღანის კომენტარს გამოეხმაურა საბერძნეთის მთავრობის სპიკერი.

"თურქეთის ხელისუფლებასთან საპასუხო კამათს არ დავიწყებთ. ჩვენი პოლიტიკა პრინციპების პოლიტიკაა". – თქვა სპიკერმა. 

კომენტარები