რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლეიენი: უკრაინისთვის EU-ში გაწევრიანების მოკლე გზა არ არსებობს, შეგვიძლია გზა გავუკვალოთ

REUTERS/Arnd Wiegmann

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონდ დერ ლეიენმა 2022 წლის 30-31 მაისის ევროპის საბჭოს საგანგებო სხდომის შეჯამებისას აღნიშნა, უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზა მოკლე ვერ იქნება, თუმცა ინვესტიციებისა და რეფორმების განხორციელებაში დახმარება "ევროკავშირისკენ გზას გაკვალავს".

"მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ არ არსებობს [ევროკავშირში გაწევრიანებისთვის] მოკლე გზა. მოთხოვნები უნდა შესრულდეს, მაგრამ ჩვენი ინვესტიციითა და რეფორმების შეთავაზებით, შეგვიძლია, უკრაინას ევროკავშირისკენ გზა გავუკვალოთ". - აღნიშნა ფონ დერ ლეიენმა. 

8 აპრილს, კიევში ვიზიტის დროს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ფონ დერ ლეიენმა, ზელენსკის კითხვარი გადასცა, რომლის შევსებაც უკრაინის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელი ნაბიჯია.

ქვეყანამ კითხვარის პირველი ნაწილი 17 აპრილს დაასრულა, ხოლო მეორე ნაწილის - 9 მაისს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ივნისში ელოდება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. ევროკავშირმა აქტივები გაუყინა და მოგზაურობა აუკრძალა 1000-ზე მეტ ადამიანს, მათ შორის 30-ზე მეტ ოლიგარქს. ევროკომისიის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნების მიერ თითქმის 10 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივებია გაყინული. 

კომენტარები