რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში სახლები და სუპერმარკეტი დაბომბეს – 5 ადამიანი დაიღუპა

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ხარკოვის ოლქი დაბომბეს. რუსების იერიშებმა 5 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა, 12 კი დაიჭრა. აგრეთვე, დაზიანდა კერძო სახლები, კორპუსები და სუპერმარკეტი. ამის შესახებ ინფორმაცია ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა გაავრცელა.

"რუსები ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემით ხარკოვის დაბომბვას აგრძელებენ". - წერს სინეგუბოვი სოციალურ ქსელში.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები