მსოფლიო ბანკი და საქართველო

მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკის წლიური ზრდის ნიშნულს 2.5%-დან 5.5%-მდე ზრდის

მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებული უახლესი გლობალური ეკონომიკური პროგნოზების ანგარიშის მიხედვით, Covid-19-ისგან გამოწვეულ ზარალთან ერთად, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გლობალური ეკონომიკის ზრდა, რომელიც ახლა მზარდი ინფლაციის გაჭიანურებულ ფაზაში შედის, კიდევ უფრო შეანელა. ანგარიშის მიხედვით, ეს სტაგფლაციის რისკს ზრდის, როგორც საშუალო, ისე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებისთვის.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გლობალური ეკონომიკური ზრდა 5.7%-დან 2.9%-მდე შემცირდება. რაც მსოფლიო ბანკის იანვრის პროგნოზს, 4.1%-ს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. WB-ის ვარაუდით, მსგავსი ტემპი 2023-2024 წლამდე შენარჩუნდება, ვინაიდან უკრაინის ომი მსოფლიო ეკონომიკურ აქტივობას, ინვესტიციებსა და ვაჭრობას მნიშვნელოვნად აფერხებს. 

გარდა ამისა, ანგარიშის მიხედვით, პანდემიისა და ომის შედეგად მიყენებული ზიანის გათვალისწინებით, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების დონე განვითარებად ეკონომიკებში 2022 წელს, პანდემიამდელ ტენდენციაზე თითქმის 5%-ით დაბალი იქნება. 

ნეგატიური პროგნოზების მიუხედავად, მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკის წლიური ზრდის ნიშნულს 2.5-დან 5.5%-მდე ზრდის

მსოფლიო ბანკი ამის მიზეზად ტურიზმის სექტორს ასახელებს და აღნიშნავს, რომ ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნების ეკონომიკებზე, მათ შორის საქართველოზე, უკრაინელი ლტოლვილებისა და რუსი მიგრანტების შემოდინებას, მოკლევადიან პერსპექტივაში, სავარაუდოდ დადებითი გავლენა ექნება.

რაც შეეხებათ ომში ჩართულ ქვეყნებს, WB-ის შეფასებით, 2022 წელს რუსეთის ეკონომიკა დაახლოებით 9%-ით, ხოლო უკრაინის - 45%-ით შემცირდება. 

საქართველოს მეზობელი ქვეყნების ეკონომიკური პროგნოზები ასე გამოიყურება: 2022 წელს თურქეთის ეკონომიკა 2.3%-ით გაიზრდება, სომხეთის 3.5%-ით, ხოლო აზერბაიჯანში 2.7%-იან ზრდას ვარაუდობენ.

კომენტარები