რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ჩვენ ტერიტორიის სრულად დეოკუპაცია უნდა შევძლოთ, ალტერნატივებს არ განვიხილავთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ კიევი მოსკოვის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტროლს სრულად აღადგენს და ალტერნატივებს არ განიხილავს. 

"ჩვენ უკვე ძალიან ბევრი ადამიანი დავკარგეთ იმისთვის, რომ უბრალოდ დავთმოთ ჩვენი ტერიტორია. ჩვენ ჩვენი ტერიტორიის სრულად დეოკუპაცია უნდა შევძლოთ". - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის მთავრობის მიერ ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ძალები ამჟამად უკრაინის ტერიტორიის 20%-ს აკონტროლებენ. 

ზელენსკიმ ასევე საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს უპასუხა, რომ უკრაინა არავის "დამცირებას" არ აპირებს. 

"ჩვენ არავის დამცირებას არ ვაპირებთ, ჩვენ მათ "კეთილად" ვუპასუხებთ". - თქვა ზელენსკიმ.

აქამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთი "პუტინის ისტორიული შეცდომის" მიუხედავად, არ უნდა დაამციროს.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები